ახალი ამბები

“ნაცმოძრაობა” ივანიშვილის პარკში გადასატანი ხეების ამოთხრის შეჩერებას მოითხოვს

4 თებერვალი, 2016 • 1154
“ნაცმოძრაობა” ივანიშვილის პარკში გადასატანი ხეების ამოთხრის შეჩერებას მოითხოვს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებმა ციხისძირიდან ხეების ამოთხრის და ივანიშვილის პარკში გადატანის შესახებ ისაუბრეს და კომიტეტის მოუწოდეს ამ საკითხით დაინტერესდეს:

“ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გავიდოდა ადგილზე, ნახავდა, შესაბამის დოკუმენტაციას შეისწავლიდა და კომიტეტის მომდევნო სხდომაზე მოხსენებას გააკეთებდა. აჟიოტაჟი ყველაზე მავნებელია ამ საკითხზე, უკეთესია პროფესიულ სფეროში გადავიდეს ეს მსჯელობა,”- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა დეპუტატებს თბილისში ჩასვლის შემდეგ სპეციალისტებთან შეხვედრა შესთავაზა:

“ეს საკითხი ადრე იყო აქტუალიზებული, გუშინ რატომ მოხდა ეს კიდევ ერთხელ, არ ვიცი. ამის თაობაზე მივმართე შესაბამისს სპეციალისტებს, მათ გარკვეული ინფორმაცია მოგვაწოდეს.  სპეციალიზებული ჯგუფიც არ ჭირდება ამას, სპეციალისტების დიდი ნაწილი თბილისშია და მგონია, რომ მხოლოდ  მათთან ერთად ადგილის ნახვას აქვს აზრი. გთავაზობთ, რომ თბილისში ჩასვლისას სამუშო წესით მოვაწყოთ ეს შეხვედრა, მივმართოთ სამინისტროს, შესაბამისი სპეციალისტები მოვიწვიოთ. იმ კვირის განმავლობაში გავაკეთოთ ეს და ამის შემდეგ გასვლითი სხდომა,”- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა სერგო რატრიანმა ჟორჟოლიანს მოუწოდა, რომ კომიტეტმა ხეების ამოღების შეჩერების თაობაზე მიმართვა გააკეთოს, რადგან მომდევნო კვირაში პროცესი შესაძლოა დასრულებული იყოს:

“არა მხოლოდ გარემოს დაცვის, არამედ ეკონომიკის სამინისტროდანაც მოსაწვევია ხალხი, რომლებმაც თქვეს, რომ სამ ხეზეა გაცემული ნებართვა. არის რამოდენიმე ინფორმაცია, საუბარია სამ, შვიდ, და ორმოც ხეზე. ზუსტად არ ვიცით, რამდენზეა ნებართვა.  მაგრამ ხის გადარგვის პროცესი მიმდინარეობს და გავაკეთოთ კომიტეტის მიმართვა, რომ სანამ კომიტეტი არ შეისწავლის საქმეს, შეჩერდეს ხეების ამოღება.”

გია ჟორჟოლიანის განმარტებით, ხეების თემაზე კომიტეტი მუშაობას გააგრძელებს:

“საკითხზე მსჯელობა დამთავრებულია. დღის წესრიგით ვაგრძელებთღ მუშაობას. ჩვენ ეს საკითხი თქვენზე მეტად გვაღელვებს, ყველა საკითხი, რომელიც ეხება გარემოს დაცვას. კარგად გვესმის საკითხის კომპლექსურობა. მუშაობას გავაგრძელებთ. საკითხი ამით ამოწურულია, გადავდივართ დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტის განხილვაზე,” – აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი