ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილი ქალთა მოძრაობას პასუხობს

3 თებერვალი, 2016 • 1506
ლევან ბერძენიშვილი ქალთა მოძრაობას პასუხობს

საქართველოს ქალთა მოძრაობა მოითხოვს ზვიად კვაჭანტირაძე, გიორგი ვოლსკი, ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია და ლევან ბერძენიშვილი გათავისუფლდნენ საპარლამენტო თანამდებობიდან, მიზეზად კიპარლამენტის ტრიბუნიდან სექსიზმის და მიზოგინიის ტირაჟირებას ასახელებს.

„ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ წევრს, ლევან ბერძენიშვილს ქალთა მოძრაობის კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება. მისი თქმით, თანამდებობის დატოვებაზე იმ შემთხვევაში იფიქრებდა, თუ პირადად თხოვდნენ ამას.

“ვიღაცასთან შეიძლება მართლა მეტი პრეტენზია უნდა ჰქონოდათ, ვიღაცასთან ნაკლები. სამწუხაროდ, ყველა ერთ ამბავში გაგვიყვანეს. მე მათ სიკეთეში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, მაპატიეთ, კვალიფიკაციაში კი შემეპარა ეჭვი. კარგია, რომ მანდატის დატოვება არ მოითხოვეს, მაგრამ თანამდებობის დატოვება როგორ წარმოუდგენიათ? თანამდებობის დატოვება ჩემთვის რომ ეთხოვათ, ვიფიქრებდი, მაგრამ მათ პარლამენტის თავმჯდომარეს და ბიუროს მიმართეს. თავმჯდომარე და ბიურო როგორ დამატოვებინებს თანამდებობას, ძალიან საინტერესოა.  მეგონა, რომ თავისი უფლებების დამცველი ქალბატონები ჩაიხედავდნენ ისეთ ძეგლებში, როგორიცაა პარლამენტის რეგლამენეტი, დებულებები და კონსტიტუცია არსებობს, ბოლოს და ბოლოს. ესენი თავის უფლებებს როგორ დაიცავენ, არ ვიცი, როცა პარლამენტარის ამბები არ სცოდნიათ, მაგრამ არაუშავს, გადავიტანთ,” – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ქალთა მოძრაობა ამავე განცხადებაში მოითხოვდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ და გენდერული თანასწორობის საბჭომ გააკეთოს განცხადება და დაგმოს პარლამენტარების მიერ სიძულვილის ენის, მათ შორის სექსისტური გამონათქვამების, გამოყენება. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე ამბობს, რომ განცხადებას გაეცნობა და გამოეხმაურება.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა 20 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოში ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობელმაა ქვეყანაში. როგორც მან ნეტგაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა, “გაუთხოვარ ქალებზე” გაკეთებული განცხადება ხუმრობა იყო და სინამდვილეში ამ საკითხს პრობლემად არ მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი