ახალი ამბებისაზოგადოება

ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ “გაუთხოვარ ქალებზე” მისი განცხადება ხუმრობა იყო

20 იანვარი, 2016 • 3273
ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ “გაუთხოვარ ქალებზე” მისი განცხადება ხუმრობა იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან ბერძენიშვილის თქმით, “გაუთხოვარ ქალებზე” მის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება ხუმრობა იყო და სინამდვილეში ამ საკითხს პრობლემად არ მიიჩნევს. ამის შესახებ ბერძენიშვილმა ნეტგაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“ეს ვიხუმრე. საქართველოში, როგორც ჩანს, სტუდენტებთანაც კი არ შეიძლება ხუმრობა. სერიოზული თემა აიწია, როგორც მივხვდი. ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, სტაჟიორები სულ გოგონები იყვნენ და მაგაზე ვიხუმრე. მეტი რა უნდა მეთქვა, პოლიტიკური პრობლემა ხომ არ არის?!”, – თქვა ბერძენიშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში.

ბერძენიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რაში ედება ბრალი. ნეტგაზეთის რეპლიკას – სექსიზმში, იგი ასე პასუხობს:

“პირიქით იყო, ბევრი გოგოები იყვნენ და მოვეფერე ჩემი ჭკუითი. თუ ეს ვინმემ ვერ გაიგო, მათი პრობლემაა. სტაჟიორებთან შეხვედრა იყო, რომელმაც გულთბილ გარემოში ჩაიარა. მე ვერავის შევატყვე, რომ ვინმე ნაწყენი დარჩა. თუ ვინმე ვერ ხვდება ამ ხუმრობას, მაშინ თქვენ გეტყვით, რომ ეს იყო ხუმრობა. ამიერიდან, როცა ვიხუმრებ, პლაკატს ამოვიღებ და ვიტყვი, მეგობრებო, აქ ვხუმრობ”.

სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ ჩემი პრობლემა არ არის, ადამიანი გათხოვდება თუ არა. მე გათხოვილი და გაუთხოვარი ადამიანიც თანაბრად საყვარლად და ჩასახუტებლად მიმაჩნია. საერთოდ არ ვარ მაგ საკითხზე შეწუხებული, რომ თუ ქალი არ გათხოვდა, რაიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე. ლიბერალი ვარ”, – აცხადებს ბერძენიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

საქართველოს პარლამენტის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია, რაც ერთ-ერთი მთავარი პრობელმაა ქვეყანაში.

“ისე როგორ მთელ საქართველოში. საქართველოში ერთ-ერთ პრობლემას ახლავე გეტყვით და მინდა დროზე მივხედოთ. საქართველოში ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია. ეს ძალიან ბევრია. აქედან გამოსავალს ვერ გიკარნახებთ. გასაგებია, რომ მრავალცოლიანობას ვერ შემოვიღებთ. ქართველი კაცები მზად იყვნენ ამის მოსაგვარებლად. გარკვეული ხერხით ამას ცდილობენ. იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ბალანსი შეიცვლება. საქართველო დაბალქორწინებიანი ქვეყანაა. იგი ევროპას ემგავსება ყველაზე უკუღმართული გზით – გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას. ევროპაში გარკვეულია, ეს რატომ მოხდა – მუშაობენ და არ უნდათ კარიერაზე უარი თქვან. შვეიცარიაში რომელიმე კაცს ცოლის მოყვანა რომ უნდა, ქალები ეუბნებიან: არ მცალია მაგისთვის. ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი უცნაურობაა – ქალთან ერთად წლების განმავლობაში ხარ და რომ უთხრა, მიყვარხარო, დაკარგავ იმ წუთას იმიტომ, რომ სწორედ ეგ არ უნდათ – სიყვარულობა და ურთიერთობა არ უნდათ.. კიდევ მინდა ერთ სტერეოტიპს გავცე პასუხი. ჰგონიათ, რომ ერთგულება არის ქართული ფენომენი. მინდა გითხრათ, რომ აშშ-ში ცოლქმრული ღალატის გამო იჯახი დაინგრევა აუცილებლად, ხოლო საქართელოში- არავითარ შემთვევაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ღალატი მომდინარეობს არასწორი მხრიდან. მაშინ დაინგრევა”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ეს განცხადება ბერძენიშვილმა პარლამენტის სტაჟიორებთან შეხვედრისას განაცხადა. აღნიშნული სიტყვები ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტში არსებულ გენდერულ დისბალანსზე საუბრისას განაცხადა, როდესაც ხაზი გაუსვა იმა ფაქტს, რომ გენდერული ბალანსი არის “გადახრილი პარლამენტის საწინააღმდეგოდ”, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში საპირისპიროდაა – ქალების სიუხვეა და კაცების ნაკლებობაა. ისე როგორც მთელ საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი