ახალი ამბები

„შრომის კოდექსი დასაქმებულთა მიმართ დისკრიმინაციულია“

2 მარტი, 2011 • 1183
„შრომის კოდექსი დასაქმებულთა მიმართ დისკრიმინაციულია“

სტატისტიკური მონაცემებით, მამაკაცის მიერ გამომუშავებული თანხა საქართველოში 1,8–ჯერ მეტია ქალის ხელფასთან შედარებით. საგანმანათლებლო სისტემაშიც კი, სადაც უმრავლესობა ქალია დასაქმებული, კაცები 50 ლარით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე – ქალები. ყველაზე დიდი გარღვევა შრომის ანაზღაურებაში ისეთ სფეროებშია, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და ჯანდაცვა.

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები დღეს კონფერენციაზე იქნა წარმოდგენილი, რომელიც პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივით გაიმართა. კონფერენცია დედის დღეს მიეძღვნა, რომელიც საქართველოში ხვალ, 3 მარტს, აღინიშნება. კონფერენციის თემა გახლდათ: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენცია ,,დედობის დაცვის” შესახებ და პროფესიული კავშირების გაერთიანების პოზიცია საქართველოს მიერ მისი რატიფიცირების თაობაზე.

კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი დასაქმებულთა მიმართ დისკრიმინაციული ხასიათის მატარებელია.

პროფესიული კავშირების გაერთიანებაში (რომელიც 206 345 წევრს აერთიანებს და მათგან 125 640 ქალია) განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ფეხმძიმე ქალების შრომითი უფლებები. შრომის კოდექსის ახალი რედაქცია, რომელიც 2006 წელს იქნა მიღებული,  მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აგდებს მომავალ დედებს და უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ მაჩვენებელზე. მაგალითად, 4–თვიანი დეკრეტული შვებულების ანაზღაურება განისაზღვრება 600 ლარით და ინფლაციის მიუხედავად, რომელიც კოდექსის მიღების შემდეგ მოხდა, ფიქსირებული თანხა არც ერთხელ არ გადახედილა. გარდა ამისა, დამსაქმებელს შეუძლია არ მიიღოს ფეხმძიმე ქალი სამუშაოზე, ან გააგდოს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

კონფერენციის მონაწილეთა განცხადებით, სიტუაციის შესაცვლელად აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების განხორციელება სახელმწიფოს მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენციის რატიფიცირებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი