ახალი ამბები

პრეზიდენტი: პოლიტიკოსებმა მედიის სარედაქციო პოლიტიკის განსჯაზე უარი უნდა თქვან

3 თებერვალი, 2016 •
პრეზიდენტი: პოლიტიკოსებმა მედიის სარედაქციო პოლიტიკის განსჯაზე უარი უნდა თქვან

გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  ქვეყნის  დემოკრატიული განვითარების გზაზე თავისუფალი მედიის როლი მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის თქმით, მედია სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრებისა და ჯანსაღი საარჩევნო პროცესის გარანტია.

“ჩვენი ვალია უზრუნველვყოთ და დავიცვათ სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. თავისუფალი მედია ხელშეუხებელია,”-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებს, უარი თქვან კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკის განსჯაზე:

“მედიის დამოუკიდებლობის გაძლიერებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია პოლიტიკური ეთიკის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც გულისხმობს საჯარო ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსთა მხრიდან კონკრეტული მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და განსჯაზე უარის თქმას.  ასეთი თვითშეზღუდვა ევროპული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების საფუძველსაც წარმოადგენს,“- აცხადებს მარგველაშვილი.

პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ  გასული წლის განმავლობაში არაერთი პირის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების, მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია მათ მიმართ უკანონო თვალთვალის და პირადი ცხოვრების კადრებით ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად ჯერ კიდევ გადასადგმელია როგორც პრაქტიკული, ასევე სისტემური ნაბიჯები, რომელიც გარკვეულწილად პრეზიდენტის  ვეტოში იყო წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი