ახალი ამბები

”ქრისტიან-დემოკრატებმა” სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის პროცესი გააპროტესტეს

1 მარტი, 2011 • 3187
”ქრისტიან-დემოკრატებმა” სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის  პროცესი გააპროტესტეს

მაგდა ანიკაშვილი
მაგდა ანიკაშვილი

”ქრისტიან-დემოკრატებმა” თბილისის პირველ საავადმყოფოსთან ბრიფინგი გამართეს და მოითხოვეს, სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის პროცესი ამ სფეროში მომუშავე პერსონალის შემცირების გარეშე წარიმართოს.

”გასხვისებული სამედიცინო დაწესებულების დიდი ნაწილი ამ ტერიტორიზე მდებარეობს, ამიტომაც აქედან მივმართავთ ხელისუფლებას. თუ მათი პრიორიტეტი დასაქმებაა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ტენდერის პირობებში ნათლად ჩაიწეროს, რომ საავადმყოფოს გასხვისების შემდეგ არ მოხდება შტატების შემცირება. კერძო მფლობელის ინტერესია, დახარჯოს ნაკლები და მიიღოს მაქსიმალური მოგება. ეს ბუნებრივი პროცესია, ამიტომაც სახელმწიფოს პოზიცია აქ მყარი უნდა იყოს”, – განაცხადა ”ქრისტიან-დემოკრატების” წევრმა მაგდა ანიკაშვილმა.

”ქრისტიან-დემოკრატების” თქმით, აუქციონში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეთ კომპანიებს, რომელთაც სამედიცინო საქმიანობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება აქვთ.  ”სამწუხარო გამოცდილება ამ თემაზე უკვე გვაქვს, როცა პროექტ ”100 ახალი საავადმყოფოს ” ტენდერებში გაიმარჯვა კომპანია ”ბლოკ ჯორჯიამ”, რომელიც ადრე სამშენებლო კომპანია გახლდათ და სამედიცინო სფეროში არავითარი გამოცდილება არ გააჩნდა”, – ამბობს  ანიკაშვილი.

გარდა ამისა, ”ქრისტიან-დემოკრატები” პრივატიზაციის პროცესის მეტ გამჭვირვალობას ითხოვენ.

”საზოგადოებას, მედიას, თავად სამედიცინო სფეროში მომუშავე პერსონალს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიები გამოთქვამენ საავადმყოფოს შეძენის სურვილს. ჩვენ გვაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ გაყიდულია ვანის საავადმყოფო, მაგრამ პასუხისმგებელი ორგანოები ამას არ ადასტურებენ”, – აცხადებს ანიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი