ახალი ამბები

ავღანეთში დაღუპული კაპრალი დაკრძალეს

1 მარტი, 2011 •
ავღანეთში დაღუპული კაპრალი  დაკრძალეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი კაპრალი გიორგი ავალიანი დღეს ვანის რაიონის სოფელ ციხესულორში სრული სამხედრო პატივით დაკრძალეს. 32-ე ბატალიონის სამი ჯარისკაცი  ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სამშვიდობო მისიის შესრულებისას 22 თებერვალს ნაღმზე აფეთქდა. გიორგი ავალიანი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო კაპრალები ედნარ აბულაძე და ნიკოლოზ დეისაძე მძიმედ დაიჭრნენ.

სამხედრო კორესპონდენტი ზვიად თხელიძე დღეს ჯარისკაცის მშობლიურ სოფელში იმყოფებოდა. მან ნეტგაზეთს უთხრა, რომ  გიორგი ავალიანის დაკრძალვას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები და იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია.

32-ე ქვეითმა ბატალიონმა, რომლის პირად შემადგენლობაშიც გიორგი ავალიანი ირიცხებოდა, ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი 31-ე ბატალიონი 2010 წლის ნოემბერში ჩაანაცვლა. დღემდე ავღანეთში სულ 6 ქართველი ჯარისკაცია დაღუპული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი