ახალი ამბები

საკრებულო მიკროავტუბუსების ტენდერის საკითხს აღარ გადახედავს

1 მარტი, 2011 • • 1050
საკრებულო მიკროავტუბუსების ტენდერის საკითხს აღარ გადახედავს

თბილისის საკრებულოში დღეს დაგეგმილი საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა არ ჩატარდა. საკრებულოს დეპუტატებს, მერიის და სატრანსპორტო კომპანიების წარმოამდგენლებს კომისიის სხდომაზე უნდა განეხილათ მიკროავტობუსების ტენდერის საკითხი. აღნიშნული სხდომის ჩატარება  თბილისის საკრებულოს 25 თებერვლის სხდომაზე გადაწყდა.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ გუშინ თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მიღწიეს შეთანხმებას გახდა რომ სხდომა, რომელზედაც მიკროავტობუსების საკითხზე უნდა ემსჯელათ, აღარ ჩატარებულიყო. თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს წევრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებისგან  მიიღო. მისთვის ამ გადაწყვეტილების შესახებ დილის 12 საათამდე არაფერი იყო ცნობილი.

კიდევ ერთმა დეპუტატმა, კახა კუკავამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ „მას შემდეგ, რაც მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს, ხელისუფლება დარწმუნდა, რომ დამატებით არაფრის შეთანხმება არ იყო საჭირო და თავისი ბოლომდე გაიტანა.“

სატრანსპორტო სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირის ხელმძღვანელი, ლავრენტი ალანია ამბობს, რომ გუშინ მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ოფიციალურად გადასცა თბილისში სამარშრუტო ხაზების მართვის უფლება. შპს „თბილ ლაინი“,  შპს „კაპიტალ გრუპი“, შპს „თბილ ქარი“, შპს„ფაბლიქქარი“ – ეს იმ ტენდერში გამარჯვებული კომპანიებია, რომელიც თბილისის მერიამ M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად 2010 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა.  ტენდერის მიხედვით, ამ კომპანიებს თბილისში ეტაპობრივად, 2011 წლის შემოდგომამდე ახალი და კომფორტული სამარშრუტო ტაქსების შემოყვანა ევალება. დღეს არსებული სამარშრუტო ტაქსებისა და ხაზების მფლობელები კი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან.

თბილისის სამარშუტო ხაზები პირველი მარტიდან უკვე მათ კონტროლქვეშ გადავიდა. თბილისში მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები 25 თებერვალს გაიფიცნენ. მათ უცნობმა პირებმა უთხრეს, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მათ ყოველდღიურ გადასახადს 3-4-ჯერ, 30-40 ლარამდე გაუზრდიდნენ, რაც მძღოლების აზრით, მათი მუშაობის პარალიზებას გამოიწვევდა.   უცნობი პირები კი მათ ტენდერში გამარჯვებული კომპანიების სახელით გაეცნენ. კომპანიები კი მათი მხრიდან გადასახადის გაზრდის მოთხოვნას უარყოფენ.

ლავრენტი ალანიამ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ უახლოესი ერთი კვირის მანძილზე მძღოლები გაურკვეველი პირობებით იმუშავებენ. ერთ კვირაში კი საბოლოოდ მიიღებენ გადაწყვეტილებას, იმუშავებენ თუ არა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებში, თუ გაფიცვას გააგრძელებენ.

ამავე საკითხზე:

1. გაურკვევლობა პირველ მარტამდე

2. მიკროავტობუსის მძღოლები პროტესტს აგრძელებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი