ახალი ამბებისამართალი

გამოძიება იმ სამხედროებს კითხავს, რომლებიც ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

29 იანვარი, 2016 • 1737
გამოძიება იმ სამხედროებს კითხავს, რომლებიც ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ

გამოძიება იმ სამხედრო მოსამსახურეებს კითხავს, რომლებიც დანაშაულის შესაძლო ჩადენის დროს ცენტრალური აფრიკის რესპუბიკაში იმყოფებოდნენ.

ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ მიაწოდა. მისი თქით, ასევე აჯერებენ იმ მწირ ინფორმაციას, რომელიც ამ დროისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს ქართველი სამხედროების შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით.

საუბარია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ 29 იანვარს გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ქართველ სამხედროებს ბრალი ედებათ ცენტრალურ აფრიკაში მისიის დროს სექსულურ ექსპლუატაციასა და გაუპატიურებაში.

გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს. “ნეტგაზეთმა” ამ დროისთვის ვერ შეძლო იმის დადგენა, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება და ინფორმაციის მიღებისთანავე მოგაწვდით.

ომარ ბეგოიძე “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარიატმა ერთი კვირის წინ ფორმალური გზით აცნობა საქართველოს თავდაცვის უწყებას, რომ ასეთი განცხადება გამოქვეყნდებოდა. გენშტაბის უფროსის მოადგილის თქმით, ამ ცნობაში არ ყოფილა აღნიშნული იმაზე მეტი დეტალი ან ინფორმაცია, რაც დღეს საჯაროდ გამოქვეყნდა:

“ჩვენ უნდა ვაწარმოოთ გამოძიება და ნათელი უნდა მოეფინოს ამ საქმეს. ამიტომ ჩვენ გვინდა უფრო მეტი დეტალები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა გავესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც სავარაუდოდ აწარმოებდნენ ამ მოკვლევას”.

ბეგოიძის თქმით, გაეროს უფლებათა დაცვის კომისარს თავიანთი პოზიცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით უკვე გაუგზავნეს:

“ ზუსტად იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია, მეტი დეტალები და რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ როგორც კომისარიატთან, ასევე სხვა ორგანიაზიებთან, იგივე ევროკავშირთან”.

ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიის ფარგლებში იმყოფებოდნენ. ბეგოიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირი არ აწარმოებს არანაირ გამოძიებას, რადგან არ ჰქონდა ეს ინფორმაცია.

“მაგრამ ევროკავშირმა დაგვიდასტურა, რომ მზად არის საჭიროების შემთხვევაში დაგვეხმაროს ჩვენ ამ გამოძიების პროცესში”.

დღეს ქართველი ჯარისკაცების შესაძლო დანაშაულზე ინფორმაციის გავრცელებისთანავე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უფლებამოსილება შეუჩერდა სამინისტროს თანამშრომლებს.

ბეგოიძის ცნობით, უფლებამოსილება შეუჩერდა გენერალური შტაბის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს, რომელიც კურირებდა საერთაშორისო ოპერაციებს იმ პერიოდში, და იმ ქვედანაყოფის უშუალო მეთაურს, რომელიც ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში იყო. უფლებამოსილება ასევე შეუჩერდა სამხედრო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს, რომლებსაც იმ პერიოდში შეხება ჰქონდათ საერთაშორისო მისიებთან.

“ეს გაკეთდა იმიტომ, რომ გამოძიებას არ შეშლოდა ხელი. ამიტომაც დროებით შეუჩერდა უფლებამოსილება”, – ამბობს ომარ ბეგოიძე.

ნეტგაზეთის კიდევ ერთ კითხვას, რატომ არ დაიწყო საქართველომ გამოძიება სამხედროების შესაძლო დანაშაულზე მაშინ, როცა ამაზე პირველად გავრცელდა ცნობები 2015 წლის გაზაფხულზე, მან ასე უპასუხა:

“მაშინ არ დავიწყეთ იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ მედიასაშუალებებით გავრცელდა და ეს პერიოდი არ ემთხვეოდა იმ პერიოდს, როცა ჩვენი კონტიგენტი იმყოფებოდა ცენტრალურ აფრიკაში. გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი იყო 2013 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მაისის ჩათვლით პერიოდზე და ჩვენი კონტიგენტი ცენტრალური აფრიკის ტერიტორიაზე 2014 წლის 16 ივნისიდან არის”.

გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე

გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი