ახალი ამბები

გაერო: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველ ჯარისკაცებს სექსუალრ ძალადობაში ადანაშაულებენ

29 იანვარი, 2016 • 2215
გაერო: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველ ჯარისკაცებს სექსუალრ ძალადობაში ადანაშაულებენ

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები 3 გოგონა საქართველოს მოქალაქე ჯარისკაცებს სექსუალურ ექსპლუატაციაში ადანაშაულებს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცხოური სამხედრო შენაერთების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის გაუპატიურების შესახებ ბრალდებებზე გაეროს უმაღლესმა კომისარმა განცხადება დღეს გააკეთა.

მისი თქმით, გაუპატიურების სავარაუდო დანაშაულს ძირითადად 2014 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

“გაეროს წარმომადგენელბმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამოკითხა ის გოგონები, რომლებიც უცხოელ ჯარისკაცებს სექსუალურ ექსპლუატაციაში ან შევიწროვებაში ადანაშაულებენ.

ოთხმა გოგონამ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფი ევროკავშირის მისიის (EUFOR / CAR) წარმომადგენლები დაადანაშაულა. ორმა თქვა, რომ ისინი EUFOR-ის ჯარისკაცებმა გააუპატიურეს, ხოლო ორი აცხადებს, რომ სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ ფული გადაუხადეს EUFOR-ის სხვა ჯარისკაცებმა. მართალია, ჯარისკაცების წარმომავლობა უცნობია, თუმცა სამი გოგო ამბობს, რომ მათი აზრით, მოძალადეები EUFOR-ის ქართული კონტინგენტიდან იყვნენ. ოთხი გოგოს ასაკი 14-დან 16 წლამდე [სავარაუდო დანაშაულის ჩადენის პერიოდში] მერყეობს”, – ნათქვამია გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ 7 წლის გოგონა და 9 წლის ბიჭი სექსუალურ ძალადობაში საფრანგეთის მოქალაქე ჯარისკაცებს ადანაშაულებენ.

გაეროს უმაღლესი კომისრის განცხადებით, მან ეს საკითხი დააყენა ქართულ, ფრანგულ და ევროკავშირის მხარეებთან, რომლებმაც ამ ფაქტზე გამოძიების პირობა დადეს. კომისარმა საქმის კურსში ჩააყენა კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც აღნიშნული სკანდალი ეხება, თუმცა ამ სახელმწიფოს საჯაროდ ჯერ არ ასახელებს, რადგან საჭირო დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

გაეროს უმაღლესი კომისრის განცხადებით, ინტერვიუების დროს რამდენიმე ბრალდება გაისმა გაეროს მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგაც. ამ საკითხის განხილვა ზემოხსენებული საქმეებისაგან დამოუკიდებლად გაეროს შტაბბინაში დადგენილი წესის შესაბამისად მოხდება.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამი იყო, რომ ცენტრალურ აფრიკაში ჯარისკაცების მხრიდან არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობა ხორციელდებოდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტო გამოეხმაურა.

“ჩვენ დიდი ყურადღებით და შეშფოთებით გავეცანით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ განცხადებას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის შესახებ. მტკიცედ გვჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რათა მსგავსი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არიან ისინი, რომელ ქვეყანას წარმოადგენენ და რა ენაზე საუბრობენ. საკითხი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოს მთავრობისა და შეირაღებული ძალებისთვის”.

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყების მიზანია, მოხდეს ამ საქმის დეტალური გამოძიება და ასეთი უმძიმესი დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.

“დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, პოტენციურად ეჭვმიტანილია მისიაში მონაწილე თითოეული სამხედრო მოსამსახურე. მათ ჰყავთ ოჯახები, მათი უდიდესი უმრავლესობა პატიოსნად და თავდაუზოგავად ემსახურება სამშობლოსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას. ამიტომ დაუშვებელია, რამდენიმე ადამიანის ქმედებამ, ასეთის დადასტურების შემთხვევაში, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს შეიარაღებული ძალების სახელს და პრესტიჟს.

ქართული სახელმწიფო და, უპირველეს ყოვლისა, თავად ქართული ჯარი 17 წლის განმავლობაში თავდადებით ემსახურება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ამოცანას და იმავეს გააგრძელებს მომავალშიც, როგორც მსოფლიოს დემოკრატიული სახელმწიფოების ყველაზე საიმედო და სანდო პარტნიორი. ასე იცნობენ ჩვენს ჯარს, ასეთად მოიხსენიებენ ჩვენს ჯარისკაცებს, და ყოველ ჩვენგანს შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ბიჭებით”.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, როგორც სამინიტროს განცხადებაში წერია, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კონკრეტულ პირებს, “ვინც ჩაიდინა ქართველი სამხედრო მოსამსახურისათვის უღირსი ქმედება, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი სამხედროების სახელსა და რეპუტაციას. მანამდე კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებიდან ჩამოცილებულია ყველა, ვისი პირდაპირი ვალდებულებაც იყო 2014 წელს ფაქტების გამოძიება და სიმართლის გარკვევა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი