ახალი ამბები

ხიდაშელი: ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების სექსუალური დანაშაული არ დადასტურდა

27 ივნისი, 2016 • 1289
ხიდაშელი: ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების სექსუალური დანაშაული არ დადასტურდა

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების მიერ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტები არ დადასტურდა. ხიდაშელი გაეროსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან ცენტრალურ აფრიკაში საგამოძებო ჯგუფი ივნისის დასაწყისში გაემგზავრა.

იანვარში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განცხადა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები 3 გოგონა საქართველოს მოქალაქე ჯარისკაცებს სექსუალურ ექსპლუატაციაში ადანაშაულებს. კომისრის თქმით, გაუპატიურების სავარაუდო დანაშაულს ძირითადად 2014 წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიის ფარგლებში 2014 წლის ივნისიდან მონაწილეობენ.

თინა ხიდაშელმა დღეს, 27 ივნისს, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ “ქართველი სამხედროები არაფერ შუაში არ ყოფილან ამ ამბავთან” და ეს დადასტურებულია როგორც საქართველოში ჩატარებული მოკვლევით, ასევე, ცენტრალურ აფრიკაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით.

“ჩვენ ფორმალურ პროცედურებს დავასრულებთ, მაქსიმუმ 2-3 კვირა დაგვჭირდება ამისთვის და უკვე შემდგ ჩემი მოთხოვნა, დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რეალიზებული იქნება და ჩვენ მივიღებთ პასუხს გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან. დღეს ჩვენ ძალიან სერიოზული განაცხადი გვაქვს გაკეთებული გაეროს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობაზე. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი ჩემი ვიზიტისა გაეროს შტაბ-ბინაში. ჩვენ დეტალებს ვათანხმებთ, როგორ უნდა მიიღონ ქართველმა შენაერთებმა მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში და, ბუნებრივია, ჩემი პირობა არის ძალიან მარტივი, რომ მანამ, სანამ ეს ბრალდება ჰაერში ჰკიდია, შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაიმე საგნობრივ თანამშრომლობაზე ორგანიზაციასთან, რომელსაც შეუძლია ასე უბრალოდ ბრალი დასდოს მთელ შეიარაღებულ ძალებს უმძიმეს დანაშაულში და შემდეგ არაფერი არ მოხდეს. ჩვენი მოთხოვნა არის სრულიად ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი და ეს ჩვენ ვუთხარით გაეროს გენმდივნის მოადგილეს, ვინც კურირებს სამშვიდობო მისიებს, რომ ვითხოვთ ბოდიშს და ვითხოვთ ამ ინფორმაციის უარყოფას,”- აცხადებს ხიდაშელი.

რაც შეეხება საკითხს, მაშინ რატომ დააბრალეს ეს დანაშაული ქართველ სამხედროებს, ხიდაშელი ამბობს, რომ მოხდა ერთ-ერთი ჩვენებაში არსებული ჩანაწერის გამო, რომლის მიხედვით, სავარაუდო დამნაშავეები იყვნენ თეთრკანიანები და საუბრობდნენ მათთვის გაუგებარ ენაზე:

“ამის მიზეზი ალბათ გახდა ის, რომ ერთ-ერთ ჩვენებაში, წრია, რომ სამხედრო მოსამსახურე იყო თეთრკანიანი და საუბრობდა მათთვის გაუგებარ ენაზე. ფრანგული, მოგეხსენებათ, მათთვის ისეთივე მშობლიური ენაა, როგორც ფრანგებისთვის, ამიტომ ამან ავტომატურად გამორიცხა ფრანგი სამხედრო მოსამსახურეები. ცენტრალურ აფრიკაში ჩვენც ვმსახურობდით, ოღონდ ჩვენ გარდა იქ ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყნის კონტინგენტი იმყოფებოდა. მაგრამ რატომღაც პირველი, ვინც გაახსენდათ, იყო საქართველო. მე მეტს არ ვიტყვი, თუმცა, ჩემი ვერსია მაქვს, რატომ მოხდა ეს,”- განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი