ახალი ამბები

ვეტერანთა საბჭო ხელისუფლებასთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს

15 თებერვალი, 2011 • 1204
ვეტერანთა საბჭო ხელისუფლებასთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს

ვეტერანთა საბჭოს პრეზენტაცია
ვეტერანთა საბჭოს პრეზენტაცია

ვეტერანთა 34–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაერთიანებული საბჭო შექმნა. საბჭოს შექმნის მიზეზი, ორგანიზატორების თქმით, ვეტერანთა სახელით გახშირებული მანიპულაცია გახდა.

”გარკვეული პოლიტიკური ძალები აქტიურად იყენებენ ვეტერანებს ქულების დასაწერად, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ჩვენ ვაპირებთ ვეტერანებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემურ საკითხზე აქტიურად ვითანამშრომლოდ ხელისუფლებასთან, რადგან სწორედ ის ფლობს ჩვენი პრობლემების გადაჭრის რეალურ ბერკეტს”, – განაცხადა ოგანიზაცია ”ვეტერანები მშვიდობისთვის” წარმომადგენელმა ალექსი ნაკანმა.

ვეტერანებმა დღეს საბჭოს მთავარი მიზნები და ამოცანები განსაზღვრეს: ვეტერანთა ძირითადი პრობლემების კოორდინაცია, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის აუცილებელი რეკომენდაციების პაკეტების წარდგენა საქართველოს ხელისუფლების შესაბამის უწყებებში. საბჭო განახორციელებს ვეტერანთა შესახებ კანონის აღსრულების მონიტორინგს, გამოავლენს ვეტერანთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და მოამზადებს სათანადო რეკომენდაციებს სახელმწიფო სტურქტურებში წარსადგენად მათი აღმოფხვრის მიზნით და ა.შ.

დოდო გუგეშაშვილი
დოდო გუგეშაშვილი

ვეტერანებმა უკვე მიმართეს საბჭოს თავიანთი წინადადებებით: ”ვფიქრობ, საბჭომ ხელისუფლებას უნდა წარუდგინოს ინიციატივა, რომ 1992-93 წლებში მიმდინარე საომარ ქმედებებს ოფიციალურად ეწოდოს რუსეთ-საქართველოს ომი”, – მოითხოვს დოდო გუგეშაშვილი.

სხდომას 2011 წლის 3 იანვარს დარბეულ ვეტერანთა ნაწილიც ესწრებოდა.

”რაშიც დაგვადანაშაულეს, მსგავსი არაფერი ხდებოდა, ხელისუფლებას მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს. მგონია, დღეს ყველამ საერთო ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ ვეტერანთა მდგომარეობის გაუმჯობესებას”, – აცხადებს ვეტერანი შოთა ზღულაძე.

საქართველოს ვეტერანთა ორგანიზაციების გაერთიანებული საბჭოს თავმჯდომარედ დღესვე ალექსი ნაკანი აირჩიეს.

ალექსი ნაკანი
ალექსი ნაკანი

მასალების გადაბეჭდვის წესი