ახალი ამბები

მუბარაქი წავიდა

11 თებერვალი, 2011 • • 1107
მუბარაქი  წავიდა

ეგვიპტის პრეზიდენტი გადადგა. ამის შესახებ ეგვიპტის ვიცე პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა ამ წუთებში “ალ ჯაზირას” ეთერში განაცხადა. ქაიროს ქუჩები გამარჯვების ყიჟინამ მოიცვა.

მიუხედავად ამისა, ეგვიპტის 10-ზე მეტ ქალაქში დაძაბულობა პიკს აღწევს. ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეებმა ეგვიპტის ქალაქებში იერიშები უკვე მიიტანეს სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებებსა და პოლიციის განყოფილებებზე.

„ბი-ბი-სი“ იტყობინება, რომ შეიარაღებული ადამიანები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებას ეგვიპტის ქალაქ  არიშში(Arish). დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

ონლაინ აქტივისტები ტვიტერზე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ეგვიპტის ქალაქ ასუტში (Asuit) შეტაკებების შედეგად ერთი დემონსტრანტი დაიღუპა, ათეულობით კი დაშავდა. ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეებმა უკვე დაარბიეს მმართველი ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის ოფისი. თავად მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა კი გადადგომის შესახებ “ბი-ბი-სის” ეთერში განაცხადა. 

ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ინფორმაციით კი, სამხრეთ სინაიში პოლიციის განყოფილებაზე იერიში მიიტანა ათასამდე ადამიანმა. არიან დაშავებულები. შეტაკების ადგილისკენ დამატებით ათასობით ადამიანი გაემართა, იტყობინება ტელეარხი.

ეგვიპტეში აქამდე აკრძალული პარტია „მუსლიმთა საძმო“ ვებგევრდზე  აქვეყნებს ინფორმაციას, რომ შვეიცარულმა ბანკებმა მუბარაქისა და 20-მდე ოფიციალური პირის საბანკო ანგარიშები გაყინა. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით სხვა წყაროებით არ დასტურდება.

დემონსტრანტებმა ალყაში მოაქციეს ქალაქ სუეცში არსებული ყველა სამთავრობო დაწესებულება. ეგვიპტის ფინასთა მინისტრის თქმით, მიუხედავად ქალაქში არსებული დაძაბულობისა, სუეცის არხი ჯერ კიდევ ღია რჩება.

დედაქალაქ ქაიროში პროტესტის ეპიცენტრმა ტაჰრირის მოედნიდან ქალაქის სხვადასხვა ნაწილში გადაინაცვლა. ათასობით ადამიანია თავშეყრილი ეგვიპტის სახელმწიფო ტელეარხ „Nile Tv-ის“ შენობასთან. ისინი ტელეკომპანიისგან მაუწყებლობის დაუყონებლივ შეწყვეტას მოითხოვენ. ტელეარხის შენობას არმია ტანკებით იცავს. შენობის აივნებზე კი სნაიპერები არიან განთავსებული.

ათიათასობით ადამიანი მიემართება ქაიროში, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ. დემონსტრაციის ერთ-ერთი მონაწილე ტვიტერზე წერს, რომ რეზიდენციიდან ერთ კილომეტრში გზა სამხედრო ტექნიკას აქვს გადაკეტილი და მათ საშუალება არა აქვთ, პრეზიდენტის სასახლეს მიუახლოვდნენ.

ინტერნეტ გამოცემა Ahram Online წერს, რომ ქალაქ სოჰაში (Sohag) პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ გაზი და ცეცხლასროლი იარაღი გამოიყენა. პოლიციასთან შეტაკების დროს კი 4 ადამიანი დაიღუპა. შეტაკებები ამ წუთებშიც გრძელდება. 

ეგვიპტის პრეზიდენტი ოჯახთან ერთად ამჟამად საკურორტო ქალაქ შარმელ შეიხში იმყოფება. “ალ არაბიას” ინფორმაციით, ეგვიპტის ქალაქებში საერთო ჯამში 20 მილიონამდე ადამიანია გამოსული. 

ფოტო: http://english.ahram.org.eg
ფოტო: http://english.ahram.org.eg

მასალების გადაბეჭდვის წესი