ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან გამართული შეხვედრისას შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც საარჩევნო ცვლილებებზე იმუშავებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ჯგუფს პრემიერი კვირიკაშვილი თვითონ უხელმძღვანელბს, ხოლო სხვა დეტალები, თუ ვინ იქნებიან კიდევ მისი წევრები, ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
“თუ უახლოეს დღეებში, ერთ კვირაში, 10 დღეში, შეიქმნება ეს ფორმატი და სამუშაო ვადად მაქსიმუმ ერთი თვე განისაზღვრება, ეს აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ შესაჯერებელზე შევჯერდეთ და ვერშესაჯერებელზე ვთქვათ, ვერ შევთანხმდითო. ამის მერე საპარლამენტო იმპლემენტაციაა და ჩათვალეთ, რომ ჩვენ გვექნება შეცვლილი საარჩევნო სისტემა”, – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
“შევთანხმდით, რომ შეიქმნება კონკრეტული ფორმატი: სამუშაო ჯგუფი, რაზეც ამდენი თვეა საუბრობს ინტერპარტიული ჯგუფი. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით დღეს გადაიდგა”, – თქვა გიორგი ახვლედიანმა.
ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი საარჩევნო სისტემის შეცვლასა და მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას მოითხოვს. მის ნაცვლად კი სამხარეო-პროპორციული მოდელის შემოღებას უჭერს მხარს. ამისათვის საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებები. ჯგუფმა მოამზადა კანონპროექტი და, როგორც თვითონ ამბობს, 200 ათასი ხელმოწერაც შეაგროვა. მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ მაჟორიტარული სისტემა 2020 წლამდე არ გაუქმდებოდა. უცნობია, შეცვლის თუ არა მმართველი გუნდი თავის პოზიციას.
“რაღაც შეიძლება გავთვალისწინოთ, რაღაც არა, მაგრამ მთავარია, კონფრონტაციის ფორმატიდან საუბრის ფორმატში გადავიდეთ”, – თქვა პრემიერმა კვირიკაშვილმა.