ახალი ამბები

მუბარაქი შარმ ელ შეიხშია

11 თებერვალი, 2011 • • 1000
მუბარაქი შარმ ელ შეიხშია

ტელეკომპანიები “ალ არაბია” და “ალ ჯაზირა”, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებიან, რომ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი ამჟამად კურორტ შარმ ელ შეიხში იმყოფება. მისი ადგილსამყოფელის შესახებ მედიასაშუალებებში ამ წუთამდე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. “ალ არაბიას” ცნობით, მუბარაქი ქაიროდან სამხედრო თვითმფრინავით, ოჯახთან და სამხედრო ძალების ხელმძღვანელთან ერთად, გაფრინდა.

ამ წუთებში ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში ანტისამთავრობო პროეტესტის მონაწილეთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ტელეარხ “ალ ჯაზირას” ცნობით, საპროტესტო ტალღის ნაწილი პრეზიდენტის რეზიდენციისკენ დაიძრა, თუმცა რეზიდენციამდე მისასვლელი გზები ეგვიპტელ სამხედროებს ტანკებით აქვთ გადაკეტილი. საპროტესტო ტალღა დაიძრა ასევე სახელმწიფო ტელეარხის შენობისკენ, რომელსაც სამხედროები გაძლიერებულად იცავენ. ტელეარხის შენობა უკვე ალყაში აქვთ მოქცეული ოპოზიციურ ძალებს, მაგრამ შეჭრას ჯერ ვერ ახერხებენ.

ეგვიპტური გამოცემა Ahram Online წერს, რომ ქალაქ სუეცში ოპოზიციურმა ძალებმა ალყა შემოარტყეს ათამდე სამთავრობო დაწესებულებას. მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ალექსანდრიაში, სადაც ქუჩაში ხალხის შესაჩერებლად სამხედრო ტექნიკაა გამოყვანილი. 

ხალხი ეგვიპტის პრეზიდენტის დაუყვონებლივ გადადგომას უკვე მეთვრამეტე დღეა მოითხოვს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი