ახალი ამბები

“არა ფობიას!” აცხადებს, რომ დასაგმობია მეჭიაურის არმენოფობიური დამოკიდებულება

23 იანვარი, 2016 • 1521
“არა ფობიას!” აცხადებს, რომ დასაგმობია მეჭიაურის არმენოფობიური დამოკიდებულება

სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პარლამენტარი თამაზ მეჭიაური აქციის მონაწილეს ძალადობრივად მოექცა და არმენოფობიური დამოკიდებულება გამოავლინა, რაც დასაგმობია.

2016 წლის 21 იანვარს პარლამენტის ყოფილ შენობასთან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებულ გამართულ აქციაზე არტურ არუთინოვს მეჭიაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამის შემდეგ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას არ დაურტყამს ხელი არუთინოვისათვის, მან ასევე განმარტა, რომ “არ ვიცოდი, ბატონი არტური თუ იყო, ის ვინც უსტვენდა, თორე…. უფრო მაგრად… შეიძლება უფრო… ინციდენტი იყო ნერვების ამშლელი, რომ უსტვენს და იგინებიან.”

“არა ფობიას!” აცხადებს, რომ მეჭიაურის განცხადება  “არ ვიცოდი, ბატონი არტური თუ იყო, თორე . . . რომ მცოდნოდა, ვინ იყო, შეიძლება უფრო მაგრად…” – არმენოფობიურ დამოკიდებულებას ავლენს აქციის მონაწილის მიმართ.

ისინი ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ თამაზ მეჭიაური თავის გამოსვლებსა და განცხადებებში გამოირჩევა დისკრიმინაციული, მათ შორის, ჰომოფობიური და არმენოფობიური გამონათქვამებით, ასევე, მიუღებელია მისი დამოკიდებულება არასამათავრობო სექტორის მიმართ, როდესაც ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს „ენჯეოელ სოროსელებად“ მოიხსენიებს.

“არა ფობიას!” წევრები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიძულვილის ენის გამომჟღავნება საზოგადოების კონკრეტული ჯგუფის მიმართ. აღნიშნულზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებიც.

სამოქალაქო გაერთიანების წევრებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ მაღალი თმენის ვალდებულება ნებისმიერი საზოგადოებრივი პროტესტის მშვიდობიანი ფორმის მიმართ, ხოლო მათი საჯარო შეფასებები საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, რაც აკისრებთ პასუხისმგებლობას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი გამოხატვისაგან, რომელიც შეიცავს ქსენოფობიურ შინაარსს.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მკაცრად უნდა გაიწეროს დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმები პარლამენტის წევრების თუ საჯარო მოხელეების მხრიდან დისკრიმინაციულ განცხადებებზე. ასევე, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეიმუშაონ თვითრეგულირების მექანიზმები, რომლებითაც მოხდება შიდა რეაგირება მათი ცალკეული წევრების მხრიდან სიძულვილის ენის, ქსენოფობიის და სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციული რიტორიკის გამოვლინებებზე, წერს “არა ფობიას!”

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, მედიის განვითარების ფონდი MDF, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC, იდენტობა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED

მასალების გადაბეჭდვის წესი