ახალი ამბები

„მწვანეები“ გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის წინააღმდეგ

9 თებერვალი, 2011 • 1282
„მწვანეები“ გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის წინააღმდეგ

გიორგი გაჩეჩილაძე
გიორგი გაჩეჩილაძე

”2011 წლის 8 თებერვალს გამართულ სამთავრობო სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გახლეჩვის, მისი განადგურების შესახებ. მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 8 დეკემბერს მექსიკაში გამართულ კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საერთაშორისო თანამეგობრობას პირობა მისცა, რომ საქართველო ეკოლოგიური პრიორიტეტების ქვეყანა იქნებოდა. მისი ეს დაპირება სააკაშვილისთვის დამახასიათებელი მორიგი სიცრუე აღმოჩნდა”, – განაცხადა „მწვანეთა პარტიის“ გენერალურმა მდივანმა გიორგი გაჩეჩილაძემ.

გარემოს დაცვის სამინისტროს მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ სპეციალური მიმართვა „მწვანეებმა“ დღესვე გაუგზავნეს ევროპის პარლამენტს, ევროკომისიას და საქართველოში აკრედიტირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

,,მწვანეთა პარტიის” თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება მიზანმიმართულად ასუსტებდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მაკონტროლებელ ფუნქციებს.

,,ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახელმწიფო უწყების დაშლა ეწინააღმდეგება მთელ რიგ კანონებს, სამართლებრივ აქტებსა და საერთაშორისო შეთანხმებებს. მაგალითად, 1995 წელს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მეოთხე პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას გარემო და უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება. ეს მუხლი შემუშავდა და კონსტიტუციაში შევიდა ,,საქართველოს მწვანეთა პარტიის” ინიციატივით,”- განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

,,მწვანეთა პარტია” მოითხოვს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს აღუდგეს ყველა ის ფუნქცია, რაც ჰქონდა 2003 წლის მდგომარეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი