ნეტგაზეთი | გარემოს დაცვა და ეკონომიკა თუ პირიქით გარემოს დაცვა და ეკონომიკა თუ პირიქით – Netgazeti
RU | GE  

გარემოს დაცვა და ეკონომიკა თუ პირიქით

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შესაძლო მიერთება, გარემოს დამცველების თქმით, კიდევ უფრო შეასუსტებს გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას პროექტების დამტკიცებისას.

 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შესაძლო მიერთება, გარემოს დამცველების თქმით, კიდევ უფრო შეასუსტებს გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას პროექტების დამტკიცებისას.

”ეკონომიკის სამინისტროს სახელი რომ შეეცვალა, უკვე გამოიკვეთა სახიფათო ტენდენცია”, – აცხადებს ნანა ჯანაშია, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის (CENN) თბილისის შტაბის დირექტორი.

”საშიშ ტენდენციაში”  ნანა ჯანაშია გულისხმობს გარემოსდაცვითი საკითხების შესაძლო მიბმას ეკონომიკის სამინისტროსთან: ”სამინისტროს კი ჰქვია ”მდგრადი განვითარების,” მაგრამ მეეჭვება, შინაარსი რამდენად არის გააზრებული. ”

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელი 2010 წელს შეეცვალა. ძველ სახელწოდებას  დაემატა სიტყვა ”მდგრადი.” მდგრადი განვითარება, ანუ ინგლისურად Sustainable Development, ნიშნავს  მოცემულ მომენტში ბუნებრივი რესურსების ისე  გამოყენებას, რომ მისი პოტენციალი შენარჩუნებულ იქნას მომავალი თაობისთვისაც.

ნანა ჯანაშიას თქმით, თუ გარემოს დაცვის სამინისტროს ნაწილის მიერთება მოხდება ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, მოხდება ბუნებრივი რესურსების არა მდგრადი და რაციონალური გამოყენება, არამედ ეკონომიკური კუთხით სარგებლობა.     

”კონსერვაციონიზმიდან გადავალთ ექსპლუატაციონიზმზე”, – აცხადებს ჯანაშია.

გარემოს დაცვის სამინისტროს მუშაობას ”პასიურს” უწოდებს ნინო გუჯარაიძე, ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივას” აღმასრულებელი დირექტორი.  თუ მოხდება მისი მიერთება ეკონომიკის სამინისტროსთან დეპარტამენტის სახით, გუჯარაიძის თქმით, კიდევ უფრო ნაკლებად  გაითვალისწინებენ გარემოსდაცვით საკითხებს  და მას ეკონომიკური სარგებელი გადასწონის.  

” დღეს იმისთვის არსებობს გარემოს დაცვის სამინისტრო, რომ ქვეყანამ ერთგვარი ბალანსი დაიცვას გარემოსდაცვით და ეკონომიკურ ინტერესებს შორის. ” – აცხადებს გუჯარაიძე. –  ”გამოდის, რომ ეკონომიკის მინისტრმა უნდა მიიღოს ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს გარემოს დაცვის მინისტრი იღებს და  უპირატესობას  ეკონომიკურ ინტერესებს მიანიჭებს – ეს ორი ინტერესი არ იქნება სათანადო დონეზე.”

2000 წელს, რუსეთის ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლის დროს, პრეზიდენტმა გააუქმა რუსული გარემოსდაცვითი სააგენტო.  რუსეთის მაშინდელმა პრეზიდეტმა ახალი ეკონომიკური პროგრამა დაწერა, სადაც აღნიშნავდა, რომ ქვეყნის პრიორიტეტი იყო ეკონომიკური განვითარება და რუსეთს არ გააჩნდა ბუნების დაცვისთვის საჭირო რესურსები.  რუსმა გარემოსდამცველებმა ამ გადაწყვეტილებას  ”მგლისთვის ცხვრების ჩაბარება” უწოდეს.

”გამოდის, რომ რუსეთის შემცდომებზე უნდა ვიაროთ”, – აცხადებს ჯანაშია.

სხვადასხვა ქვეყნებში გარემოს დაცვაზე სხვადასხვა უწყებები მუშაობენ. რიგ ქვეყნებში – გარემოს დაცვის სამინისტროები,  რიგ ქვეყნებში – სააგენტოები და საბჭოები.  სომხეთსა და აზერბაიჯანში გარემოს დაცვაზე სამინისტროები ზრუნავენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში გარემოს დაცვაზე ორი უწყება ზრუნავს: აშშ გარემოს დაცვის სააგენტო (United States Environmental Protection Agency, EPA) და  შიდა   დეპარტამენტი (USA Department of Interior). გერმანიაში არსებობს გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტრო; ჰოლანდიაში გარემოს დაცვა მიერთებულია სივრცით დაგეგმარებასთან. 

ქართველი გარემოსდამცველები გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლო მიერთებას ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ბიზნესგარემოს ლიბერალიზაციას და გარემოსდაცვითი საკითხების, როგორც ბარიერის მოხსნის, ტენდენციას უკავშირებენ.

”არსებობს ისეთი ხალხი, რომელიც ამბობს, რომ გარემოს დაცვა ხელს უშლის ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ასეთი ხალხი არსებობს ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში, მაგრამ არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში და არც აფრიკასა და აზიაში”, – აცხადებს ნინო ჩხობაძე,  საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე. – ”თუ 70-იან წლებში ითვლებოდა, რომ გარემოს დაცვა არის ფუფუნების საგანი და ხელს არ უწყობს ეკონომიკის განვითარებას, დღეს ითვლება, რომ გარემოს დაცვა არის ეკონომიკური დარგი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ყველანაირ კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებაზე მაღლა დგას. ”

სხვა პრობლემას ხედავს ნინო გუჯარაიძეც. მისი თქმით, განვითარების ნებისმიერი პროექტის – გზის რეაბილიტაციის, აეროპორტების, სათხილამურო – დამტკიცების დროს ეკონომიკური ინტერესები  გარემოსდაცვით საკითებზე მაღლა დგას:

”სახელმწიფო გარემოს დაცვას სიკეთედ კი არ აღიქვამს, არამედ ბარიერად, რომელიც ხელს უშლის ეკონომიკური ინტერესების გატარებას.  სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს პროექტები, გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი საკითხები და მიიღოს გადაწყვეტილება, რაც დაკავშირებულია ფინანსებთან და დროსთან. ჩვენს სახელმწიფოს არ უნდა, რომ ეს რესურსები დახარჯოს გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებისთვის – დღეს უნდა ყველაფერი. ”

ერთ-ერთი ბოლო პროექტი, სადაც ეკონომიკური ინტერესები დადგა გარემოს დაცვის ინტერესებზე მაღლა, ნანა ჯანაშიას თქმით, არის ყულევის ნავთობტერმინალის აშენება კოლხეთის ეროვნულ პარკში. ინვესტორი ”სოკარია”, აზერბაიჯანული კომპანია.

”ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ გარემოს დაცვა ეკონომიკის ნაწილია. ეკონომიკის ნაწილი კი არაა  გარემოს დაცვა – ეკონომიკაა გარემოს დაცვის შემადგენელი ნაწილი”, – აცხადებს ნინო ჩხობაძე. – ”რომელ ქვეყანაშია მიერთებული გარემოს დაცვა მომხმარებელზე? ამჟამად ეკონომიკა არის გარემოს მომხმარებელი.  გარემოს დაცვის სამინისტრო არის  უწყება, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს გარემოს დაცვის პოლიტიკის გამტარებელი და ეკონომიკაზე მაღლა უნდა იდგეს.”

”მნიშვნელოვანია, რა იქნება სამინსტროს გაუქმების მიზეზი. რა უნდა იყოს მიზეზი, რომ სამინისტრო გაუქმდეს, მაშინ, როცა ახლახან შექმნეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო? ამის ფონზე გარემოს დაცვა რომ დადგეს სათუოდ, ეს სასაცილოა”, – აცხადებს ნინო გუჯარაიძე, ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივას” აღმასრულებელი დირექტორი. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმებების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

 

რედაქციის შნიშვნა: სტატია თავდაპირველად საიტზე გამოქვეყნდა 2010 წლის 9 სექტემბერს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცირა გვასალია