ახალი ამბებისაზოგადოება

5 პლანეტის დანახვა შეუიარაღებელი თვალით იქნება შესაძლებელი

20 იანვარი, 2016 • 5705
5 პლანეტის დანახვა შეუიარაღებელი თვალით იქნება შესაძლებელი

ნიუ-იორკ თაიმსის ინფორმაციით, ოთხშაბათიდან ყოველდღე, განთიადისას ცაზე განლაგდება 5 პლანეტა, რაც იშვიათი სანახაობაა.

მათი ცნობით, ათწლეულზე მეტი დროის განმავლობაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მერკურის, ვენერას, მარსის, სატურნისა და იუპიტერის დანახვა შეუიარაღებელი თვალით იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ ნიუ-იორკის მოყვარულ ასტრონომერთა ასოციაციის წევრი, ჯეისონ ქენდალი ავრცელებს.

ქენდალის თქმით, ჩრდილოეთის ნახევარსფეროში მყოფმა ასტრონომებმა მზის ამოსვლამდე 45 წუთით ადრე უნდა გაიღვიძონ, რომ სანახაობას მიუსწრონ. ქალაქის მაცხოვრებლებს შეუძლიათ დარჩნენ სახლის მახლობლად და იქიდან დააკვირდნენ ციურ სანახაობას.

“მერკურის სანახავად თქვენ დაგჭირდებათ ბინოკლი. ამას მარტივად ვერ დაინახავთ, მაგრამ ყველას შეეძლება ვენერასა და იუპიტერის დანახვა,” – ამბობს ქენდალი.

მისი თქმით, მაყურებლებისთვის ყველაზე რთული იქნება ცაზე პლანეტების მოკიაფე ვარსკვლავებისგან გარჩევა, თუმცა მსურველებს მარტივ გზას სთავაზობს, დახუჭონ ცალი თვალი, გაიშვირონ ხელი და ცერა თითი ცაში მანათობელ წერტილთან ნელა მიიტანონ. თუკი თითის გადატარების შემდეგ წერტილი ნელ-ნელა ფერმკრთალდება, ე.ი. პლანეტაა, ხოლო თუ სწრაფად აციმციმდება, შორეული ვარსკვლავია.

Sky & Telescope-ის ცნობით, სანახაობა 20 იანვრიდან 20 თებერვლამდე გაგრძელდება, მაგრამ პიკის პერიოდი იანვრიდან თებერვლის პირველ კვირამდე იქნება, სანამ მერკური თავის უმაღლეს წერტილზე იქნება. NASA-ს პლანეტარული სამეცნიერო დანაყოფის უფროსი, ჯიმ გრინი,ამბობს, რომ 5 ჩამწკრივებული პლანეტის მიერ შექმნილ იშვიათ სანახაობას თავიანთ ორბიტებზე “ეკლიპტური” ტრიალი ეწოდება.

ნიუ-იორკ თაიმსის ინფორმაციით, თითოეული პლანეტა რიგ-რიგობით გამოჩნდება. სამშაბათს საღამოს, ნიუ-იორკის დროით 9:20 სთ-ზე ცაზე იუპიტერი იქნება, რომელსაც ოთხშაბათს, დილის 1:11 სთ-ზე მარსი მოყვება და გამოჩნდება, როგორც მოწითალო ფერის წერტილი. სატურნი დილის 4 სთ-ზე გამოვა, რომელსაც ვენერა მოყვება, ყველაზე კაშკაშა ცის მნათობი. მერკური მათ ყველაზე ბოლოს, დილის 6:17 სთ-ზე შეუერთდება და მზის ამოსვლამდე გაგრძელდება.

ბუნების ისტორიის ამერიკული მუზეუმის ასტრონომის, ჯეკი ფეიერტის თქმით, ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა.

“ეს იგივეა, რომ ნახო ყველა შენი მეგობარი ერთად,” – ამბობს ფეიერტი.

EarthSky.org-ის ინფორმაციით, მათ, ვინც გამოტოვებს პლანეტების სანახაობას, კიდევ ერთი შანსი ექნებათ 13 აგვისტოდან 19 აგვისტომდე, როცა კოსმიური ფერადი გუნდი კიდევ ერთ ჩვენებას მოაწყობს. ამჯერად ეს სანახაობა ბინდისას იქნება და სამხრეთი ნახევარსფეროს ასტრონომებს უპირატესობას მიანიჭებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი