ახალი ამბები

მეცნიერების თქმით, ახალი პლანეტის ფორმირების პროცესი აღმოაჩინეს

20 მაისი, 2020 • 1618
მეცნიერების თქმით, ახალი პლანეტის ფორმირების პროცესი აღმოაჩინეს

ასტრონომების ჯგუფი მიიჩნევს, რომ ახალი პლანეტის დაბადების პირველი პირდაპირი ნიშნები აღმოაჩინეს, იუწყება „გარდიანი“.

როგორც გამოცემა წერს, მეცნიერებმა შეამჩნიეს მტვრისა და გაზის მკვრივი დისკი, რომელიც გარს არტყია ახალგაზრდა ვარვსკვლავ AB Aurigae-ს — დედამიწა მისგან დაახლოებით 520 სინათლის წლით არის დაშორებული.

აღმოჩენისთვის მეცნიერებმა “ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის” “ძალიან დიდი ტელესკოპი” (VLT) გამოიყენეს, რომელიც ჩილეში მდებარეობს. მათ აღმოაჩინეს სპირალური სტრუქტურა, რომელსაც ცენტრში „გარდატეხა“ აქვს, რაც, მეცნიერების თქმით, იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, ახალი პლანეტის ფორმირების პროცესი მიმდინარეობდეს. მათივე თქმით, მბრუნავი დისკი იყო ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ Aurigae-ის თანავარვსკლავედში ახალი ვარვსკვლავური სისტემა დაიბადა.

კვლევის ერთ-ერთი წამყვანის, ენტონი ბოჩალეტის თქმით, „ათასობით ეგზოპლანეტის იდენტიფიცირება მოხდა, მაგრამ ცოტა ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მათი ფორმირება“. მისი თქმით, „იმისთვის, რომ დავიჭიროთ პლანეტის ფორმირების მომენტი, უნდა დავაკვირდეთ ძალიან ახალგაზრდა სისტემებს“.

აქამდე, „გარდიანის“ ცნობით, ასტრონომები ვერ ახერხებდნენ პლანეტის ფორმირების პროცესისთვის — დისკში მიმდინარე გარდატეხების – ფოტოების გადაღებას.

თუმცა ბოჩალეტიმ და მისმა გუნდმა ძლიერი ტელესკოპის დახმარებით მოახერხეს AB Aurigae-ის ფოტოების გადაღება, რომლებზეც აღბეჭდილია „მტვრის გასაოცარი სპირალი“, რომელიც შექმნილია პატარა პლანეტის მიერ გაზის „გამოშვების“ მცდელობებით.

კვლევის კიდევ ერთი თანაავტორის, ემანუელ დი ფოლკოს თქმით, ე.წ. გამოშვების ფენომენი იწვევს „ცვლილებებს დისკში, ტალღის ფორმით, დაახლოებით ისეთს, როგორსაც ნავი წყალში“.

AB Aurigae-ის ირგვლივ მბრუნავი პლანეტა, „გარდიანის“ ცნობით, იწვევს იქვე არსებული გაზისა და მტვრის სპირალში მოქცევას. ფოტოზე ცენტრთან გამოსახული საკმაოდ კაშკაშა ყვითელი მონაკვეთი კი არის „გარდატეხა“.

ან დატრის, კვლევის კიდევ ერთი თანანავტორის თქმით, „გარდატეხა მოსალოდნელია პლანეტების ფორმირების ზოგიერთი თეორიული მოდელის თანახმად“.

მისი თქმით, ამგვარად „დისკზე მყოფ გაზსა და მტვერს ეძლევათ საშუალება, შეუერთდნენ ფორმირებად პლანეტას და მას ზრდაში დაეხმარონ“.


გარეკანის ფოტო: PA

 

მასალების გადაბეჭდვის წესი