საქართველოს მასშტაბით სკოლებისა და ბაგა-ბაღებისთვის H1N1 ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჯერ არ გაუცია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ხათუნა ზახაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ბაგ-ბაღებისა და სკოლებისთვის უკვე არსებობს სტანდარტული პროცედურა, არ დაუშვან მოსწავლეები, ვისაც გრიპი აქვს, თუმცა დამატებითი რეკომენდაციები, როგორც ზახაშვილი ამბობს, ხვალ ან ზეგ გაიცემა.
განათლების სამინისტროშიც ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სპეციალური შეზღუდვები ვირუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ ხდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, H1N1 ვირუსით საქართველოში წელს მეორე ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში H1N1-ის ვირუსია გავრცელებული. გრიპის გავრცელების ინტენსივობა, როგორც ცენტრის სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 8928 ადამიანია ინფიცირებული H1N1 ვირუსით.
უწყების ინფორმაციითვე, დღესდღეობით შემთხვევათა 95%-ში ადამიანები ჩვეულებრივ, ყოველგვარი ჰოსპიტალიზაციისა და ექიმთან მიმართვის გარეშე მკურნალობენ.
“დაავადებულთა მცირე რაოდენობას ექნება უფრო მძიმე მიმდინარეობა, კიდევ უფრო მცირეს იმდენად მძიმე, რომ საჭირო იქნება ჰოსპიტალიზაცია და, სამწუხაროდ, შემთხვევათა გარკვეული წილი ლეტალურად დასრულდება”, – აცხადებს ncdc-ს წარმომადგენელი, ხათუნა ზახაშვილი.