ახალი ამბები

პრეზიდენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადა 27 იანვარია

20 იანვარი, 2016 • 1032
პრეზიდენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადა 27 იანვარია

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადად 27 იანვარი განისაზღვრა.

მათივე ცნობით, ამ შეთანხმებას დარგის ექსპეტრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრაზე მიაღწიეს, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში დღეს გაიმართა.

შეთანხმების შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებს კანდიდატურის წარდგენის ვადა 27 იანვრამდე აქვთ.  27 იანვარს ექსპერტებს გაეგზავნებათ კონკრეტული კანდიდატურები და ამ დღიდანვე დაიწყება შეფასების პროცედურა და, როგორც გიორგი აბაშიშვილი ვარაუდობს,  პირველი ეტაპი ამ ნაწილში სწრაფად დასრულდება.

ამის შემდეგ  ექსპერტების მიერ დასახელებულ კანდიდატებს პრეზიდენტი განიხილავს, შეარჩევს და პარლამენტს  წარუდგენს.

„სხვა საკითხებთან ერთად დღევანდელ შეხვედრაზე ჩამოვყალიბდით კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმებზე – ეს არის განათლება, პროფესიული გამოცდილება და პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,“ – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ეროვნული ბანკის უფლებამონაცვლის შერჩევის პროცესს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი უძღვება. პროცესის ფარგლებში კონსულტაციები მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნესასოციაციებთან და საბანკო სექტორთან.

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა. ამჟამად მისი თავმჯდომარე გიორგი ქადაგიძეა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში ეწურება.

კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი ასარჩევად წარუდგენს პარლამენტს და შემდეგ  საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი