ახალი ამბები

კალაძის “გაზპრომთან” მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ხვალ ვენაში გაიმართება

20 იანვარი, 2016 • 1437
კალაძის “გაზპრომთან” მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ხვალ ვენაში გაიმართება

საქართველოს მთავრობა გაზპრომთან მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ხვალ გამართავს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა.

შეხვედრას თვითონ კალაძეც დაესწრება, თუმცა არ იქნება გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.

კალაძის თქმით, რუსული მხარე ითხოვს, რომ შეიცვალოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთიდან სომხეთისაკენ გამავალი გაზის მილის ტრანზიტის ანაზღაურების ფორმა. დღეისათვის საქართველოს გატარებული გაზის 10 პროცენტი რჩება, თუმცა გაზპრომს სურს, რომ ტრანზიტის საფასური არა ნატურით, არამედ თანხის სახით გადაიხადოს. კალაძემ მოლაპარაკებების პროცესს მძიმე და რთული უწოდა. მისივე თქმით, გაზპრომი გასულ წლებშიც ცდილობდა აღნიშული 10%-ის შემცირებას, თუმცა ქართული მხარე კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მინისტრის განმარტებით, როდესაც ნატურის თანხით ჩანაცვლების წინადადება მიიღეს, ახლაც კატეგორიული წინააღმდეგობა დააფიქსირეს, თუმცა “გაზპრომმა” შეხვედრაზე პირდაპირ გააჟღერა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკების ჩავარდნის შემთხვევაში, სომხეთის გაზის მომარაგება ირანიდან გამავალი მილითაც შეუძლია. მინისტრის თქმით, ენერგეტიკის სამინისტრომ საკუთარი ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ გაზპრომი ირანის გავლით სომხეთს 100 პროცენტით წელსვე ვერ მოამარაგებს ტექნიკური მიზეზების გამო, თუმცა შეუძლია, რომ 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი საქართველოზე გამავალი, ხოლო 1 მილიარდი კუბური მეტრი ირანზე გამავალი მილებით მიაწოდოს. მომდევნო წლებში კი, სათანადო ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, აქვს რესურსი, რომ სომხეთი ირანიდან საქართველოს გვერდის ავლით სრულად უზრუნველყოს გაზმომარაგებით.

კალაძის განმარტებით, საქართველოსთვის ზემოხსენებული 10%-ის დაკარგვა მისაღები არ არის და ენერგეტიკულად ძალიან მძიმე იქნება, რადგან ეს პრობლემას შეუქმნის თბოსადგურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის კუთხითაც გაჩნდება პრობლემები. საჭირო იქნება დამატებით ათეულობით მილიონი დოლარის დახარჯვა ელექტროენერგიის შესყიდვაზე, რაც დენის გადასახადს გააძვირებს.

“ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ [გაზპრომთან მოლაპარაკებებიდან] ჩვენი ქვეყნისთვის მსიაღები შედეგი ჩამოვიტანოთ”, – განაცხადა კალაძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია ამ შემთხვევაში, მისი აზრით, რა იქნება ყველაზე მისაღები შედეგი

მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე მთავრობის პოზიციას წარმოადგენს, რადგან ეს საკითხი პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან აქვს გავლილი. კალაძის მტკიცებით, მას არავითარი კონსულტაციები არ გაუვლია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშილთან.

საზოგადოების ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს გაზპრომთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს. აღნიშნული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის რუსული მედიიდან გახდა ცნობილი. პროტესტის ერთ-ერთი მიზეზია მოლოდინი იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებების შედეგად საქართველოს გაზპრომზე დამოკიდებულება გაზმომარაგების თვალსაზრისით კიდევ უფრო გაიზრდება. კალაძის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში გაზის მოხმარება 30 პროცენტზე მეტითაა გაზრდილი. ის მილი კი, რომლითაც საქართველო აზერბაიჯანიდან იღებს გაზს, ბუნებრივი აირის შესაბამის ოდენობას ვერ ატარებს. მისი თქმით, ამისათვის საჭიროა დამატებითი ინვესტიცია, რომელიც აზერბაიჯანულმა მხარემ, კონკრეტულად კი სოკარმა უნდა გასწიოს. კალაძე რუსეთზე დამოკიდებულების საფრთხეების საკითხზე ამბობს:

“ანალიზის შედეგად ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ. დღეს ჩვენ 12 პროცენტი გვაქვს [გაზპრომზე დამოკიდბეულება] და თუ შევთანხმდებით, რომ დამატებითი მოცულობები წამოვიღოთ მაშინ, როცა ქვეყანას დასჭირდება, დაახლოებით 20 პროცენტამდე შეიძლება გაიზარდოს, დროებით. აქ ერთწლიან ხელშეკრულებაზეა საუბარი. აზერბაიჯანი რჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად”, – განაცხადა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი