ახალი ამბები

კვირიკაშვილი: მზად ვართ “სოკართან” სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილოთ

13 იანვარი, 2016 • 1301
კვირიკაშვილი: მზად ვართ “სოკართან” სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილოთ

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 13 იანვარს აზერბაიჯანულ კომპანია სოკართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთვის სოკართან სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია.

შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, საქართველოს მხრიდან ენერგეტიკის მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ბიზნესომბუდსმენი, აზერბაიჯანული მხრიდან კი – კომპანია “სოკარის” ვიცე-პრეზიდენტი, კომპანიის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი და სოკარ ჯორჯიას გენერალური დირექტორი დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და „სოკარს“ შორის გაგრძელდება და გაღრმავდება სტრატეგიული თანამშრომლობა.

„აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მიუხედავად ბოლო პერიოდში არსებული პოლიტიკური სპეკულაციებისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია „სოკართან“ უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ გვსურს პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ სამომავლო ურთიერთობები და ერთად გადავჭრათ პრობლემები. ვფიქრობ, არანაირ ტექნიკურ წინაღობას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე ორივე მილსადენი, რომლითაც საქართველო ბუნებრივ აირს იღებს აზერბაიჯანიდან, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა, ზამთრის პერიოდში ქვეყნის სრული გაზმომარაგებისთვის საკმარისი არ არის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იგეგმება გარკვეული ღონისძიებების გატარება, რომელიც არსებული მილსადენებიდან დამატებითი მოცულობის მოწოდების შესაძლებლობას მოგვცემს. მხარეებმა განიხილეს დეფიციტის შევსების ტექნიკური გზები და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას სამუშაო ფორმატში გააგრძელებენ.

კომპანია “სოკარმა”  დაინტერესება გამოთქვა მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის მიმართაც, რომლის განხორციელების დაწყებაც 2016 წელს იგეგმება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს „შაჰდენიზის“ მეორე ფაზის პროექტის მნიშვნელობას, რომლის დასრულების შემდეგ დამატებითი მოცულობის გაზს საქართველო 2019 წლიდან მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი