ახალი ამბები

უცხოური პრესის დაიჯესტი საქართველოზე

31 იანვარი, 2011 • 1040
უცხოური პრესის დაიჯესტი საქართველოზე

საინტერესო ანალიზს გვთავაზობს პოლიტოლოგი გია ნოდია რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის მეშვეობით თემაზე: თუ რატომაა ასე ჩუმად საქართველო ტუნისის რევოლუციასთან დაკავშირებით. სტატიაში პოლიტოლოგი აანალიზებს იმ ვითარებას, თუ რატომ გახდა პრეზიდენტ ბუშის ხელისუფლებიდან წავლის შემდეგ დემოკრატიის საყოველთაო გავრცელებაზე საუბარი არამოდური. გია ნოდია მკითხველს სთავაზობს სავარაუდო სცენარს, თუ რა მოხდებოდა, რომ ტუნისის მოვლენები 2004 – 2005 წ.წ. მომხდარიყო  და ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მაშინ, ალბათ, თამამად განაცხადებდა, რომ ტუნისელი ხალხი, ისევე როგორც  ყველგან, თავისუფლებას იმსახურებს და ალბათ, აშკარა იქნებოდა  მინიშნებები იმაზე, რომ საქართველოს რევოლუცია ტუნისის დემოკრატების ერთ-ერთი ინსპირატორი იყო.

ექსპერტის მოსაზრებით, შესაძლოა ”ვარდების რევოლუციის” ვეტერანები ტუნისისკენ  გამგზავრებულიყვნენ, რათა რევოლუციური მასებისთვის მორალური მხარდაჭერა გამოეხატათ და იქნებ ერთ-ორი სასარგებლო რჩევაც მიეცათ, მაგრამ,  პოლიტოლოგის მოსაზრებით, დღეს ასეთი რამ რთული წარმოსადგენია. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ გადაწყვიტა, პრაგმატიზმის ზოგად ტენტდენციას გაჰყოლოდა და  ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თბილისისთვის რეგიონის ქვეყნებთან კარგი დამოკიდებულება უფროა, ვიდრე ადგილობრივი რევოლუციონერებისთვის მხარდაჭერის შეთავაზებით მათი რეჟიმების გაღიზიანება. ასეთი პოლიტიკის ნათელ მაგალითად ნოდიას ბელორუსიის დიქტატორ პრეზიდენტ ლუკაშენკოსთვის სააკაშვილის მიერ არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებული მილოცვა მოჰყავს. მეორე მიზეზი იმისა, თუ რატომაა ჩუმად საქართველო ტუნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ექსპერტის მოსაზრებით, იმაში მდგომარეობს, რომ 2007-09 წლების მასობრივი პროტესტის შემდეგ  საქართველოს მთავრობამ და მისმა მხარდამჭერებმა ფერად რევოლუციებთან დაკარგეს ინსტიქტური იგივეობა, რითიც ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის მმართველობის რევოლუციური ფაზა დასრულებულია.

პოლიტოლოგი გარკვეულად ადარებს ტუნისის დამარცხებულ მმართველსა და სააკაშვილს და აცხადებს, რომ შედარების საფუძველი ნამდვილად არსებობს, რადგანაც მიუხედავად დიქტატურის არარსებობისა, საქართველოში პოლიტიკურ სისტემას ავტორიტარული შეფერილობა აშკარად აქვს. ამასთანავე, ნოდია საქართველოს ტუნისთან შედარებისას დასძენს, რომ  მიუხედავად იმისა, ტუნისის მმართველმა საკუთარი ქვეყანა ტურისტულ სამოთხედ და რეგიონის წარმატებულ სახელმწიფოდ აქცია, მისი რეჟიმი რევოლუციით დასრულდა და  აცხადებს, რომ ტურიზმის განვითარება სააკაშვილს ვერ უშველის.

პოლიტოლოგი ქართული ოპოზიციის მდგომარეობაზეც აკეთებს მინიშნებას და საბოლოო ჯამში აცხადებს, რომ საქართველოში არ სუფევს რევოლუციური ატმოსფერო, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამან ხელისუფლება ძალიან არ უნდა გაახაროს.

დასასრულს გია ნოდია რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში  ასკვნის, რომ ”ჟასმინის რევოლუციის” გათვალისიწნებით ავტორიტარული მოდერნიზაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის შედარებით წარმატებულია, საკუთარ თავში რევოლუციის საფრთხეს შეიცავს. მისი თქმით, “პოლიტიკური თამაშის წესებზე კონსესუსის მიღწევის გარეშე ვერ იარსებებს სტაბილურობა. ეს გაკვეთილი ყველა რეფორმატორსა და მოდერნიზატორს უნდა ახსოვდეს”.

 უცხოური პრესა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე რუსეთ-საქართველოს საკითხის შემსწავლელი მონიტორინგის კომიტეტის მიერ “ქართული დოსიეს” განხილვის ფორმატის ცვლილების შესახებ წერს. საინტერესოა, რომ ეს ცვლილებები სხვადასხვაგვარად იქნა შეფასებული რუსეთსა და საქართველოში.  მაგალითად, რუსული გამოცემა “კომერსანტი” ამ სესიას კრემლის გამარჯვებად აფასებს. კომერსანტის სტატიის თანახმად,  სესიის შემდგომ მოსკოვს შეუძლია თავის აქტივში ჩაითვალოს ქართულ-რუსული დოსიეს დახურვა. რუსული გამოცემის თანახმად, რუსეთმა მიაღწია იმას, რომ ევროსაბჭოსთან 2- წლიან  ურთიერთობაში ყველაზე გამაღიზიანებელი საკითხი გაანხილვებიდან მოეხსნა. ევროსაბჭოს სესიის გადაწყვეტილების თანახმად, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების გასარკვევად მიმდინარე დებატები, რომელიც ევროსაბჭოში აგვისტოს ომის შემდგომ მიმდინარეობს,  შეწყდა. ამ დებატების თანახმად, გათვალისწინებული იყო იმ რეზოლუციების შესრულების მონიტორინგი, რომელიც მოითხოვდა რუსეთისგან შეიარაღებული ძალების აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გაყვანას და, რაც მთავარია, რუსეთის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებას. “კომერსანტის” თანახმად, რამდენადაც არც ერთი ეს რეზოლუცია არ შესრულებულა მოსკოვის მხრიდან და იგი ამას არც აპირებს, მონიტორინგის სხდომის ყველა განხილვა კრემლის მისამართით კრიტიკით სრულდებოდა. ახლა კი ეს უსიამოვნება მოსკოვისთვის უკან დარჩა.

ინტერნეტ გამოცემა “ეხოკავკაზა” ამ თემას ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც ნათქვამია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ადრე მიღებული რეზოლუციების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით მხოლოდ ყოველწლიურ სპეციალურ დოკუმენტს შეიმუშავებს. სტატიის თანახმად, ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი იყო როგორც რუსული, ისე ქართული მხარე, მით უფრო რომ ორივე საკუთარი დიპლომატიური გამარჯვების შესახებ საუბრობდა.

მონიტორინგის კომიტეტის წევრი საქართველოდან პარლამენტარი ჩიორა თაქთაქიშვილი “ეხოკავკაზასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართულმა მხარემ მოახერხა, თავიდან აეცილებინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი რეზოლუციები, სადაც აგვისტოს ომის შეფასების აქცენტები რუსეთის სასარგებლოდ შეიძლება შეცვლილიყო. ამასთან, ქართველი პარლამენტარი ინტერვიუში დასძენს, რომ ამ ორგანომ ამოწურა თავის შესაძლებლობები ამ საკითხზე მოთხოვნების დაყენების შესახებ.

იმავდროულად, გამოცემასთან ინტერვიუში რუსეთის წარმომადგენელი სულ სხვა სურათს ხატავს. მონიტორინგის კომიტეტის წევრი რუსეთიდან ირწმუნება, რომ ყოველწლიურ დოკუმენტს ამ საკითხზე მოხსენების სტატუსი არ ექნება და მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის იქნება. მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ფაქტიურად შეწყვიტა ქართული დოსიეს პოლიტიკური  განხილვა.

 ამერიკის ხმის ქართულენოვანი გამოცემა განსხვავებულ აქცენტებს აკეთებს ქართული დოსიეს დახურვის გადაწყვეტილებაზე.  სტატიაში  მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმ ფაქტზე, რომ მიუხედავად რუსეთის დიდი წინააღმდეგობისა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიღებული სამივე რეზოლუცია ძალაში დარჩა. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ მოხდეს რუსეთზე ზეწოლა და მართლაც დაიძრას ეს საკითხი მკვდარი წერტილიდან,  მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევა ამ შემთხვევაში არ არის საკმარისი და გარკვეული ეკონომიკური ბერკეტებიც უნდა ამუშავდეს, რადგანც ამ კონკრეტულმა რეზოლუციამ  შემდგომში  პრაქტიკაში ჰპოვოს ასახვა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი