ახალი ამბები

ილია II: მსოფლიო კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას და მის ადგილს ვირტუალური გრძნობები იკავებენ

6 იანვარი, 2016 • 2939
ილია II: მსოფლიო კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას და მის ადგილს ვირტუალური გრძნობები იკავებენ

“აშკარად ჩანს, რომ მსოფლიო კარგავს ჭეშმარიტი სიყვარულის განცდას და მის ადგილს ვირტუალური გრძნობები და გაყალბებული სიყვარული იკავებს; ასეა აქაც, სხვადასხვა გატაცებას, რომელიც ადამიანს დროებით ეწვევა დღეს, სიყვარულს უწოდებენ,” – ეს სიტყვები საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორეს საშობაო ეპისტოლედანაა. პატრიარქის თქმით, თანამედროვე სიყვარული განსხვავდება ნამდვილი გრძნობისაგან:

“იგი პირველ რიგში ნამდვილი სიყვარულისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი თავგანწირვის უნარისგან თითქმის სრულად დაცლილია; საკუთარ ინტერესებზეა ორიენტირებული და არსებობს მანამ, ვიდრე ამ თუ იმ პიროვნების ეგოისტურ ზრახვებს რაიმე საფრთხე არ დაემუქრება. ბუნებრივია, ასეთ გრძნობებზე დამყარებული ურთიერთობა მყიფეა, ხანმოკლე და მას არაფერი აქვს საერთო თავდადებულ, ნამდვილ სიყვარულთან.”

პატრიარტქის თქმით, ასევე არაწრფელი სიყვარული ხდება დღეს წყვილების განქორწინების მიზეზი:

“მოჩვენებითი სიყვარული არის დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზიც. ცოლ-ქმარს აღარ შეუძლიათ ერთმანეთს სათანადო პატივი მიაგონ, დადგნენ პირად ინტერესებზე მაღლა და უღელი ერთად გასწიონ. რაკი მათ სიღრმისეული გრძნობები არ აკავშირებთ, მცირედი უსიამოვნებბის გამოც ადვილად ამბობენ უარს პასუხისმგებლობაზე და ახალი სიყვარულის ძებნას იწყებენ.

ზოგიერთი ოჯახი შეიძლება არც დაინგრეს, მაგრამ უსიყვარულობამ მუდმივი ჩხუბი და უსიამოვნება წარმოშვას. ასეთ გარემოში კი ბავშვები ითრგუნებიან. აცნობიერებს კი ამას დედ-მამა? აცნობიერებენ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა რომც ჰქონდეთ მათ შვილებს, ბავშვებმა თუ ყველაზე დიდ, მნიშვნელოვან სასწავლებელში, ოჯახში ვერ დაინახეს ერთგულება, პატივისცემის, სხვისთვის მსახურებისა და გულითადობის მაგალითი, თავადაც ამ გრძნობებისაგან დაცლილი და ნაკლული გაიზრდებიან, რაც შემდეგ მათ პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს. მშობლები ამ ცოდვას როგორ გამოისყიდიან? ქორწინება ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლოებაა; ეს არის ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება, სულიერი და ხორციელი ურთიერთობისათვის, რათა ერთმანეთს შეეწიონ იმ მდგომარეობის მისაღწევად, რასაც გულისხმობს განმღრთობა. ეს პროცესი ჰგავს ოქროს გამოდნობას,” – ამბობს ილია მეორე.

მასალების გადაბეჭდვის წესი