ახალი ამბები

უცხოური პრესის დაიჯესტი

24 იანვარი, 2011 • 1087
უცხოური პრესის დაიჯესტი

სომხური პრესა გასულ კვირას პრეზიდენტ სააკაშვილისსომხეთში ვიზიტს ეხმიანება. სომხური გამოცემა “პანარმენიან.ნეტ” საგაზეთო სტატიას აქვეყნებს სათაურით ”ოფიციალურმა თბილისმა თავისთვის ახალი როლი უნდა მოიფიქროს”.

გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში სტრატეგიული შემუშავების ცენტრის ხელმძღვანელი გრანტ მელიკ-შახნაზარიანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დასავლეთის პოლიტ.საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ მისი ქვეყანა კვლავ მნიშვნელოვან მოთამაშედ რჩება სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

სომეხი ექსპერტის თქმით, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად საქართველო რეგიონში დასავლეთის მოკავშირიდან  მის თავის ტკივილად იქცა, რამაც დაასუსტა  რეგიონში მისი მნიშვნელობა. მელიკ–შახნაზარიანის თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ოფიციალურმა თბილისმა საკუთარ თავს ახალი როლი უნდა მოუფიქროს. ამა წლის 17 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა შუამავლის როლი იკისროს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარებაში. ექსპერტი ინტერვიუში მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ეს ვიზიტი ერევანში რეგიონში თავისი როლის ხაზგასმის კონტექსტში უნდა იქნას განხილული. ამ არგუმენტის გასამყარებლად გრანტ მელიკ-შახნაზარიანს  პრეზინდეტ სააკაშვილის ახლანდელი ამერიკაში ვიზიტისას გაკეთებული ფრაზა მოჰყავს, სადაც მან განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა რეგიონში.

რადიო “თავისუფლების” ქართული ბიურო და “ეხოკავკაზას” გამოცემა ამა წლის 20 იანვარს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე წერს.
“ეხოკავკაზას” სტატიის თანახმად, რეზოლუცია შავი ზღვის რეგიონზე არის პირველი ევროპარლამენტის დოკუმენტი, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული რეგიონების სტატუსით დაფიქსირდა.  მანამდე ეს ტერმინი რამოდენიმეჯერ ჩავარდა ევროპარლამენტის  კომიტეტების მიერ შემუშავებულ შავ დოკუმენტებში ტერმინზე შეუთანხმებლობის მიზეზით. რაც შეეხება თავად დოკუმენტის განხილვას, “ეხოკავკაზას” ჟურნალისტი დეტალურად აღწერს დოკუმენტის მიღების პროცედურას. სტატიის თანახმად, დებატები დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით საათნახევარი გრძელდებოდა. დიდი ბრიტანეთის   დეპუტატმა განაცხადა, რომ ერეოდნენ იმ რეგიონში, რომელიც ისტორიულად რუსეთის გავლენის სფეროშია. ამ იდეას შეეწინააღმდეგნენ მისი კოლეგები აღმოსავლეთ ევროპიდან და ამ თვალთახედვას უსაფუძვლო სკეპტიციზმი უწოდეს.

რაც შეეხება თავად რეზოლუციას, “ეხოკავკაზას” სტატიის თანახმად, იგი 4 ნაწილისგან შედგება და კონფლიქტების თემა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების პრობლემის კონტექსტშია განხილული. აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის კონფლიქტები  მთავარ გამოწვევებადაა მიჩნეული შავი ზღვის რეგიონისთვის. რეზოლუციაში ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროპარლამენტის ხელმძღვანელობას ამ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში წამყვანი როლის აღებაზე. ნდობის აღდგენის განტკიცების ღონისძიებების კონტექსტში ევროპარლამენტარებმა გააკეთეს შეთავაზება შავი ზღვის რეგიონში ყველა შეიარაღების შესყიდვისა და სამხედრო გადაადგილების ინფორმაცია გასაჯაროებაზე.

რაც შეეხება ტერმინს “ოკუპაცია”, “ეხოკავკაზასთვის” მიცემულ ინტერვიუში
ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ტერმინი იქცევა კოზირად იმ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც მოუწოდებენ ევროპარლამენტის ხელმძღვანელობას, აღიაროს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია. მეორე ქართველი ექსპერტი, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი თენგიზ ფხალაძე კი ტერმინ ოკუპაციასთან დაკავშირებით “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ  ასეთი ტერმინების დამკვიდრება საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში რიტორიკიდან პრაქტიკულ საქმეზე გადასვლას ნიშნავს.

მისივე შეფასებით, საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში ამ ტერმინის დაფიქსირებისათვის ევროპას დაახლოებით ორი წელიწადი დასჭირდა. მაგრამ მოსალოდნელი შედეგი ამ მოლოდინად ღირს.  ფხალაძის თქმით, სიტყვის-ოკუპაცია და, საერთოდ, ამ შინაარსის შეფასებების დაფიქსირებამ დოკუმენტებში უნდა გამოიწვიოს ის საერთაშორისო სამართლებრივი შედეგები, რაც უნდა დადგეს ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და საერთაშორისო დანაშაულის პირობებში. რაც შეეხება რეზულიციის შედეგს, თენგიზ ფხალაძე “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ამბობს, რომ მსგავს რეზოლუციებს მყისიერი შედეგი, როგორც წესი, არ მოჰყვება, თუმცა დიპლომატიური ფრაზეოლოგიის უკან ხშირად სხვა დიპლომატიური ბერკეტების მთელი არსენალი იგულისხმება.
თეონა  აქუბარდია

 

მომზადებულია გადაცემა  პრეს-ექსპრესისთვის ფონდ “ღია საზოგადოება–საქართველოს” მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი