ახალი ამბები

დღეიდან ქალი მსჯავრდებულები ხანგრძლივი პაემნით ისარგებლებენ

31 დეკემბერი, 2015 • 1449
დღეიდან ქალი მსჯავრდებულები ხანგრძლივი პაემნით ისარგებლებენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დღეიდან ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა შეუძლებათ. შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაწესებულების ტერიტორიაზე დღეს გაიხსნა. აშენდა კოტეჯის ტიპის ნაგებობა, რომელშიც ხანგრძლივი პაემნისთვის ოთხი ოთახი განთავსდა. ქალ მსჯავრდებულთათვის ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა აქამდე ხელმისაწვდომი არ იყო.

გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამიანისტროს ინფორმაციით, ხანგრძლივი პაემნის სერვისით პირველად დღესვე ისარგებლებს ორი მსჯავრდებული ქალი, რომლებიც სასჯელს N5 პენიტენციური დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლში იხდიან. ისინი დაწესებულებაში მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობენ და მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახის წევრებთან შეხვედრას ხშირად ვერ ახერხებენ. სასჯელაღსრულების მინისტრის კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო რეგიონებიდან მსჯავრდებულების ოჯახის წევრების ჩამოყვანა და მათ ახალი წლის ახლობლებთან ერთად გატარების საშუალება მისცა.

მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც არ აქვს დაკისრებული დისციპლინური სახდელი ან/და არ აქვს შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობა. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულს შეუძლია ხანგრძლივი პაემნით ისარგებლოს წელიწადში სამჯერ, წახალისების ფორმით კი, შესაძლოა, მიეცეს 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემნის შესაძლებლობა. ხანგრძლივი პაემნის საფასური 60 ლარს შეადგენს, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთათვის კი უფასოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი