ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი უზრუნველვყოთ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
დღეს საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობით პირველ სხდომა იმართება, რომელსაც პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მიულოცა და წარმატებები უსურვა.
გიორგი კვირიკაშვილი გეგმავს უახლოეს მომავალში შეხვდეს საზოგადოების სხვადასხვა სექტორს, მათ შორის ბიზნესისა და არასამთავრობო წრეების წარმომადგენლებს.
„უახლოეს მომავალში დავიწყებთ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან. მინდა ვთხოვო ბიზნესომუბდსმენ გიორგი გახარიას, რათა უახლოეს მომავალში გაუკეთოს ორგანიზება შეხვედრას საქმიან წრეებთან. მინდა, რომ შეხვედრაზე იყვნენ არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესმენები, არამედ მოვიწვიოთ ახალი სახეები, ძალიან ბევრი ახალი მეწარმე და ბიზნესმენია და მინდა მათ შევხვდე. ასევე, უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს და მოვისმენთ მათ წინადადებებს, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტიანი და გამჭვირვალე,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის სხდომაზე ნოემბრის თვის მონაცემები წარმოადგინა ეკონომიკისა და მდრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მინისტრი იმედოვნებს, რომ წელს მშპ-ის 3%-იანი ზრდა იქნება.
„დღეს დილით სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მთლიანი შიდა პროდუქტის წინასწარი ზრდა, ეს არის 5,3%, რაც კარგი ძალიან მაჩვენებლია ნოემბრის თვის. წლიური გადაანგარიშებით ეს ნიშნავს, რომ ჩვენ 3%–იან ზრდაზე გავალთ წლევანდელ წელს. არის რამდენიმე დარგი, სადაც განსაკუთრებით დიდი ზრდა გვაქვს: მშენებლობა– 30%–იანი ზრდა გვაქვს, მეტალურგიული პროდუქტების წარმოება–30%–იანი ზრდა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა- 15 %–იანი ზრდა, სასტუმროებში და რესტორნებში გვაქვს 10%–იანი ზრდა და საფინანსო შუამავლობაში გვაქვს 9%–იანი ზრდა,“– განაცხადა ქუმსიშვილმა.
პარლამენტმა საქართველოს მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, 86 ხმით 28-ის წინააღმდეგ, ნდობა გუშინ გამოუცხადა.