ნეტგაზეთი | რუსთაველის მოედანი უნგრეთში რუსთაველის მოედანი უნგრეთში – Netgazeti
RU | GE  

რუსთაველის მოედანი უნგრეთში

უნგრეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა – ამ ინფორმაციას ”ნოვოსტი-გრუზია” ავრცელებს.

”ნოვოსტი-გრუზია”, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით,  ავრცელებს ინფორმაციას, რომ უნგრეთის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭება.

საქართველოს საელჩომ უნგრეთში  2010 წლის დასაწყისში ბუდაპეშტის მერიას მიმართა თხოვნით, რომ რუსთაველის სახელი დარქმეოდა იმ მოედანს, სადაც 2010 წლის ივნისში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგა.

”შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ბუდაპეშტის მერიამ პოზიტიურად გადაწყვიტა ქართული ინიციატივა. წინა კვირას მოედანს უკვე რუსთაველის სახელი მიენიჭა”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსთაველის ძეგლი ქართველ სკულპტორს, მერაბ მერაბიშვილს ეკუთვნის და  საქართველოს საელჩოს ახლოს არის განთავსებული.

ინფორმაციის მიხედვით, მოედნის ოფიციალური გახსნისთვის საქართველოს პრეზიდენტის უნგრეთში ჩასვლა იგეგმება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი