ახალი ამბები

ვოლსკი: ვიცი, რომ ირაკლი შორს არ წავა ჩვენი გუნდიდან

25 დეკემბერი, 2015 • 1250
ვოლსკი: ვიცი, რომ ირაკლი შორს არ წავა ჩვენი გუნდიდან

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეობის საკითხი ყრილობაზე წყდება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას პარლამენტში იმის შესახებ, აპირებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას მას შემდეგ, რაც დატოვა პრემიერის პოსტი.

“პარტიის თავმჯდომარეობის თემა და პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებული საკითხები ყრილობაზე წყდება. იქამდე როგორ ფორმატში ვიმუშავებთ, ამაზე შევთანხმდებით დღეს ან ხვალ”.

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ღარიბაშვილი პოლიტიკაში დარჩენას, ვოლსკი პასუხობს:

“ეგ ირაკლის კითხეთ. ვიცი, რომ ირაკლი შორს არ წავა ჩვენი გუნდიდან. ერთად ვიქნებით და გავაგრძელებთ მუშაობას”.

შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს პრემიერის პოსტიდან გადადგა ირაკლი ღარიბაშვილი. დღეს საპარლამენტო უმრავლესობას ყოფილმა პრემიერმა უნდა წარუდგინოს მის შემცველელად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა.

ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა პოსტი დატოვოს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. გია ვოლსკის თქმით, “ნარმანია არის არჩეული უშველებელი პასუხისმგებლობით, უშველებელი გაკეთებული საქმეებით, ბევრი პრეტენზიებით, უამრავი პოზიტიური გამოცდილებით, ამ თემას სხვა ფორმატის განხილვა სჭირდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი