ახალი ამბებიკომენტარი

აბაშიძე: არა მგონია, ღარიბაშვილს წინასწარ ეფიქრა, როდის გადადგებოდა

24 დეკემბერი, 2015 • 2568
აბაშიძე: არა მგონია, ღარიბაშვილს წინასწარ ეფიქრა, როდის გადადგებოდა

რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს პრემიერ-მინისტრის გადადგომას და რითი იყო მისი ეს ნაბიჯი გამოწვეული? – ნეტგაზეთის შეკითხვებს,პოლიტიკის მეცნიერი ზვიად აბაშიძე პასუხობს.

რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს პრემიერ-მინისტრის გადადგომას და, შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების შეწყვეტას

–  ზოგადად, ამას სამთავრობო კრიზისი ჰქვია. ეს ყველა ქვეყანაში ასეა, როცა პრემიერ-მინისტრი ვადაზე ადრე დაასრულებს თავის მოღვაწეობას. თუმცა, პირდაპირი გაგებით, პრემიერ-მინისტრის ვადა არ არსებობს, მაგრამ იგულისხმება ვადა პარლამენტიდან პარლამენტამდე, სანამ ის დამტკიცებას მიიღებს. ეს თეორიული საკითხია, პრაქტიკულად, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურობა. გვინდა თუ არ გვინდა, ეს იწვევს გარკვეულ ცვლილებებს. არსებობს, რა თქმა უნდა, დროებითი მოვალეობის შემსრულებელი და ყველა მინისტრიც დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი, როგორც წესი, რადიკალურ გადაწყვეტილებას არ იღებენ. ისინი ელიან ხელახალ დამტკიცებას, პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს და პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით. ვნახოთ, როგორ გამოვა. შეიძლება სწრაფადაც მოხდეს და შეიძლება დროშიც გაიწელოს.

თუკი პარლამენტი ვერ შეთანხმდა პრემიერ-მინისტრის დამტკიცებაზე გარკვეული პერიოდის შემდეგ, პრეზიდენტს აქვს უფლება დაშალოს პარლამენტი და მერე თავიდან მოხდეს არჩევა. ალბათ აქამდე არ მივა საქმე, მაგრამ, ზოგადად, ეს გარკვეული სამთავრობო კრიზისის მაჩვენებელია.

ასეთი ამბები ხშირად ხდება იტალიაში, საბერძნეთში, ძირითადად იქ, სადაც პარლამენტის ძალა გაზრდილია პრემიერ-მინისტრთან მიმართებაში და პრემიერია აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. ვადაზე ადრე ხელისუფლების შეწყვეტას ეძახიან სამთავრობო კრიზისს. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ ქვეყანა ინგრევა. შეიძლება, ქვეყანამ მოახერხოს ამ კრიზისის გადალახვა და შეძლოს ხელახალი რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა, ზოგადად, ეს კარგი არ არის იმიტომ, რომ მმართველობით პროცესს აფერხებს. კარგია იმ მხრივ, რომ დემოკრატიულ რეჟიმს ხელს უშლის ერთი კაცის დიქტატორად ჩამოყალიბება. იდეა ეს არის, როცა ასეთი სისტემები უფლებას იძლევიან, რომ ასეთი სამთავრობო კრიზისი წარმოიშვას. რის უფლებასაც არ იძლევა წმინდა წყლის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, თუმცა საქართველო არც წმინდა წყლის საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და არც საპარლამენტო. ცოტა უცნაური ჰიბრიდია, რომლის სახელიც არ არსებობს. ჩვენი კონსტიტუცია შეიცავს ამ კრიზისის ნორმებს. არ არის უფლებამოსილებები კარგად გადანაწილებული და ამიტომ შეიძლება უფრო პრობლემატური აღმოჩნდეს ჩვენთვის.

როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ხომ არ იყო ეს წინასაარჩევნო ფაქტორებით განპირობებული ნაბიჯი?

– შეიძლება ბევრი რამ ვივარაუდოთ. ჩვენ არ ვიცით ზუსტი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, რაღაც მიზეზის გამო მოხდა ეს. ბევრი ასაბუთებს, მაგალითად, რომ ეს მოხდა იმის გამო, რომ მთავრობის რეიტინგი იკლებს და შესაძლოა ამის გამო გადამდგარიყო ღარიბაშვილი. თუმცა, მე მგონია, რომ ღარიბაშვილის პიროვნული ფაქტორების გამო არ იკლებს მთავრობის რეიტინგი. შესაძლოა მისი ფაქტორიც არის, მაგრამ არა მარტო მისი. ეს ზოგადი, სხვა საკითხის ბრალია უფრო. მე პირადად ყველა იმ აზრს ვეთანხმები, რომელიც გულისხმობს, რომ ერთ წელში ყველა მთავრობას გაუჭირდება გაუმჯობესება. ხანდახან პოლიტიკაზე მოქმედებენ ფორმალური და არაფორმალური ფაქტორები. მხოლოდ საქართველოში არ ხდება ის, რომ რაც ზემოდან ჩანს, ორი იმდენია ქვემოთ.

ჩვენ რომ ვიდავოთ ახლა არაფორმალურ მმართველობაზე, ამას ვერ დავასაბუთებთ, მაგრამ ის, რომ არაფორმალური ფაქტორები ზეგავლენას ახდენენ პოლიტიკაზე, სრულიად შესაძლებელია. საქართველოს ტიპის ქვეყნებისათვის ამას ცოტა სხვა ტიპის შედეგები მოჰყვება ხოლმე, თორემ ინტერესჯგუფების საქმიანობა და მათი ზეგავლენა პოლიტიკის მეცნიერებაში ცალკე შესწავლის სფეროა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკა არ არის მარტო ის, რაც ზემოთ ხდება. იქ მთავარია, ქვემოთ რა ხდება. როგორც ჩანს, იქ ხდება რაღაც ისეთი, რამაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა გამოიწვია. ოდესღაც გადააყენეს მარგარეტ ტეტჩერიც, მაგრამ იქ მიზეზი ის იყო, რომ კონფლიქტი წარმოიშვა მასსა და იმ მმართველ პარტიას შორის, რომლის წარმომადგენელიც თვითონ იყო. ამ შემთხვევაში, გარედან არ ჩანს ის, რომ პიროვნული თვისებები იყო გადადგომის მიზეზი. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რადგან ჩვენ არაფერი ვიცით, რა ხდებოდა შიგნით. ვერაფერს დავასაბუთებთ. პროცესს დავაკვირდებით, რა და როგორ განვითარდება და ამის შედეგად, დაახლოებით გარკვეული ვარაუდი გამოვთქვათ, მაგრამ ახლა ვერაფერს გეტყვით. უფრო სწორად, გეტყვით, მაგრამ ვერ დავადასტურებ.

რამდენად სწორად იყო პრემიერ-მინისტრის გადადგომის დრო შერჩეული?

არა მგონია, რომ ღარიბაშვილს წინასწარ ეფიქრა, როდის გადადგებოდა. შეიძლება, ეს გარკვეულმა შემთხვევითმა ფაქტორებმა გამოიწვია. წინასაახალწლოდ, მოსახლეობისთვის ეს დიდად განსაკუთრებული ამბავი არაა, რაც არ უნდა არ მოსწონდეს მოსახლეობას პრემიერ-მინისტრი, რადგან ეს გარკვეული შიშის ფაქტორს იწვევს მოსახლეობაში, რომ რაღაც ქაოსს არ დაედოს საფუძველი. ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებისთვის უცხო არ არის ასეთი ქაოსი. აქ მის სიყვარულსა და არსიყვარულზე არ არის საუბარი. ეს შიში, პოზიციაში და ოპოზიციაშიც, გამართლებული შიშია, რომ რაიმე უმართავ პროცესს არ დაედოს სათავე, რადგან ჩვენ არ ვართ ინსტიტუციურად მყარი სახელმწიფო. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, პერსონალიების ხშირი ცვლა კრიზისს იწვევს. ვიღაცას შეიძლება პიროვნულად ძალიან არ უყვარს ღარიბაშვილი და გაუხარდა, მაგრამ ეს პიროვნული დამოკიდებულებაა. არა მგონია, რომ პრემიერ-მინსტრის გადადგომა აუცილებელი ყოფილიყო. ეს ამბავი ინსტიტუციების სიმყიფეს ავლენს, მით უმეტეს, ჩვენი ტიპის საზოგადოებაში. ოდესღაც ბელგიაში ვერ შედგა კოალიცია, რამდენიმე თვე აღმასრულებელი ცენტრალური ხელისუფლება არ არსებობდა, მაგრამ ჩვენ ბელგიის მოვლენებს ვერ გავიმეორებთ, რადგან იქ სხვა ფაქტორები უწყობდა ხელს იმას, რომ ქაოსი არ წარმოქმნილიყო. არ მგონია, რომ არა ღარიბაშვილი, ყველაფერი უკეთ იქნებოდა და არც ის მგონია, რომ მისი გადადგომა უეცარ გაუმჯობესებას გამოიწვევს.

ახალი პრემიერ-მინისტრის შერჩევის პროცესი არ იქნება მარტივი იმის გათვალისწინებით, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა არ არის სავსე პოლიტიკური გამოცდილებითა და კომპეტენციებით. თუკი რაიმე გამოცდილება გვაქვს, ესეც წარსული პოლიტიკური გამოცდილებაა და იქ ბევრი კარგი არაფერი იმალება. ასე რომ, ეს არის გარკვეული პრობლემა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ გადაიზრდება პოლიტიკურ კრიზისში. ამას კონსტიტუცია ვერ მოახერხებს, უფრო შეძლებს პიროვნული, არაფორმალური ურთიერთობები.

ახალი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის შემთხვევაში, როგორ შეიძლება გადანაწილდეს ძალაუფლება ფრაქციის შიგნით?

როგორც ჩანს, რესპუბლიკელები დარჩებიან იქ საკმაოდ მძლავრად წარმოდგენილები, დანარჩენ პარტიებზე ვერაფერს გეტყვით. ჩვენს ვითარებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შესაძლებელია პიროვნულმა გარკვეულმა შეთანხმებამ გადაწყვიტოს საკითხები. პოლიტიკა პიროვნული ურთიერთობის გარეშე არ არსებობს. მხოლოდ ინსტიტუციები არ მოქმედებენ და ადამიანები რობოტებივით არ მოძრაობენ იქ. უბრალოდ, ინსტიტუციური მოწყობა განაპირობებს ამ კონსესუსის გზას. ხანდახან, თუკი პოლიტიკური სისტემა არ განაპირობებს მდგრადობას, არაფორმალურმა “ანტისისტემურმა” მოქმედებებმა შეიძლება უკეთესი როლი ითამაშონ. პარადოქსია, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ასე ხდება, რადგან შეიძლება სხვა შემთხვევაში ჩვენ უარესი კრიზისი მივიღოთ.

ქართული კონსტიტუცია არ ითვალისწინებს სამთავრობო კრიზისებში სწრაფი მოქმედების გეგმას, როგორ შეიძლება სამთავრობო ხელისუფლების შტოები ისე გამოვიდნენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადალახონ კრიზისი. ძალიან ცუდად არის ქართულ კონსტიტუციაში უფლებამოსილებები გაწერილი. ბევრ აღრევას იწვევს. ამიტომ ეს ამბავი კარგს არაფერს გვიქადის. აქ ლაპარაკია იმის შესახებ, რომ არაფორმალურად პოლიტიკოსები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მოდით, ეს აღრეული ფაქტორები არ გავამძაფროთ უფრო მეტად, რომ უარესი შედეგი არ მივიღოთ. როცა კონსტიტუციას აქვს რესურსი იმისა, რომ თვითონ მოახერხოს კრიზისიდან თავის დაღწევა, აი, მაშინ უკვე მოქმედებენ ინსტიტუციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი