ახალი ამბებიკომენტარი

გია ნოდია: კვირიკაშვილი სხვა სტილის ადამიანია, თუმცა მართვის სტრუქტურა ალბათ არ შეიცვლება

24 დეკემბერი, 2015 •
გია ნოდია: კვირიკაშვილი სხვა სტილის ადამიანია, თუმცა მართვის სტრუქტურა ალბათ არ შეიცვლება

გადადგა თუ გადააყენეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და რა გავიგეთ მისი განცხადებიდან? – ნეტგაზეთის შეკითხვებს პოლიტოლოგი გია ნოდია პასუხობს.

თუ იყო ნათელი თქვენთვის ის მიზეზი, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. რამდენად გასაგები იყო მისი განცხადება?

ჩემი აზრით, ეს არ ყოფილა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება. ცხადია, მას მიზეზი არ უთქვამს და ალბათ ვერც იტყოდა. მისი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა მიზეზის თქმა, მაგრამ რადგანაც ეს არა მისი, არამედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, ან არ იცის, რა არის მიზეზი, ან საჯაროდ ვერ ამბობს.

გუშინდელმა ამბავმა კიდევ უფრო ხომ არ გააღრმავა ეჭვი და ხომ არ დაარწმუნა უფრო მეტი ადამიანი იმაში, რომ რეალურად ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არსებობს?

დიახ, შეიძლება ასეთებიც იყვნენ, ვისაც მანამდე ჰქონდათ ეჭვი და ახლა კიდევ უფრო დარწმუნდნენ.

გუშინ თუ აკვირდებოდით ირაკლი ღარიბაშვილის თანაგუნდელების რეაქციას, საპარლამენტო უმრავლესობის თითქმის ყველა წევრი აცხადებდა, რომ საქმის კურსში არ იყო, აპირებდა თუ არა ღარიბაშვილი გადადგომას. ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ- იმდენი ვიცით, რამდენიც თქვენო. რამდენად არის ეს ყველაფერი ადეკვატური პოლიტიკაში?

ადეკვატურია იმ ვითარების, რომელიც არსებობს. როგორც ჩანს, არ იცოდნენ და მართლაც არაფერ შუაში არიან. არც პროტესტი უჩნდებათ, იციან, რომ თამაშის წესი ასეთია: ყველაფერს წყვეტს ერთი კაცი და მათ გადაწყვეტილებას შეატყობინებენ ხოლმე. შესაბამისად, პრეტენზიაც არ უნდა ჰქონდეთ მეტის ცოდნაზე. არსებობს პირამიდა, ისინი უფრო ძირში არიან, ხოლო ვინც პირამიდის წვერშია, გადაწყვეტილებასაც ის იღებს.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?

აქ არის ერთი ცხადი მიზეზი, ჩემი აზრით. წინასაარჩევნო ვითარებაა, “ქართულ ოცნებას” დაბალი რეიტინგი აქვს და რაღაც უნდა გააკეთონ. რაღაცაში იგულისხმება განახლება. თუ ადამიანებში უკმაყოფილების განცდა არსებობს, საჭიროა ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, რომ აი, მთავრობის სისუსტეები ღარიბაშვილის ბრალი იყო. ახალი მოლოდინები და იმედები უნდა გაჩნდეს. როგორც ჩანს, ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ამით რეიტინგი გამოცოცხლდება. სავარაუდოდ, კვირიკაშვილს ელოდება ყველა და ის თუ არა, უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ნეგატიური განწყობები არ უკავშრდება. ესაა ჩემი აზრით ჭკუასთან ყველაზე ახლოს მყოფი მიზეზი.

მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ივანიშვილი უკმაყოფილოა ღარიბაშვილის მუშაობით და ეს უკმაყოფილება ნელ-ნელდა დაგროვდა. ეს გამოჩნდა მაშინ, როცა ღარიბაშვილის ახლობლები დაითხოვეს მთავრობიდან. ამის შემდეგ ღარიბაშვილი Lame Duck (კოჭლი იხვი) გახდა. მაშინ მუშაობა გააგრძელა, თუმცა წყალი შეუდგა.

კვირიკაშვილი ახსენეთ თქვენ, როგორ უყურებთ მის პერსპექტივებს მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე? თუ საუბარია იმაზე, რომ გადაწყვეტილებების მიღებისა და მმართველობის არაფორმალური სისტემა არსებობს, ალბათ ყველას უნდა გაუჭირდეს ასეთ პირობებში მუშაობა.

ცხადია, აქ სტრუქტურული პრობლემაა. არაფორმლაურ მმართველს, როგორც ჩანს, ეზარება, არ უნდა ან არ ცდილობს ყოველდღიურ მენეჯმენტში მონაწილეობას. მას სურს, რომ ყოველდღიური მართვისაგან დისტანცირებული იყოს, მაგრამ პრინციპულ გადაწყვეტილებებში ჩაერევა. ეს არაეფექტური მმართველობაა. ნათლად არ არის გაკრვეული, ვისზეა პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ხდება ის, რასაც ხშირად ამბობენ ხოლმე მინისტრთა კაბინეტზე – ისინი გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ეს სტრუქტურული პრობლემაა და არა ის, რომ ღარიბაშვილი არ იყო გამბედავი ან გამოუცდელი იყო. ყველას ექნება იგივე პრობლემა.

როდესაც ღარიბაშვილზე ვსაუბრობთ, NDI როდესაც ითვლიდა ხოლმე პოლიტკოსთა პერსონალურ რეიტინგებს, მთავრობაში ღარიბაშვილი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი იყო. ამ შემთხვევაში ცოტა არალოგიკური ხომ არ არის მისი მოხსნა რეიტინგების კლების მოტივით?

ღარიბაშვილი ხომ მზე არ არის? ივანიშვილია მზე, ხოლო ღარიბაშილი მთვარე. სანამ ხალხი მიიჩნევდა, რომ ივანიშვილი ღარიბაშვილს ენდობოდა, ის, ვინც ივანიშვილს ენდობოდა, ნდობა გააჩნდა ღარიბაშვილის მიმართაც. ესაა ალბათ მიზეზი. ვერ ვიტყვი, რომ ქარიზმა აქვს ღარიბაშვილს ან პიროვნული თვისებები, რითიც ხალხს მოსწონდა. როგორც შემსრულებელი, შეიძლება ცუდი სულაც არ იყო, ნამდვილად არ მგონია, რომ სხვაზე უარესი იყო, მაგრამ ამ სისტემაში მას პირველი ვეზირის თანამდებობა ეკავა მხოლოდ. ვინც მეფეს ენდობოდა, ენდობოდა პირველ ვეზირსაც.

რაც შეეხება კვირიკაშვილს ან ვინმე სხვას, ვინც პრემიერი გახდება, ის იმავე სტრუქტურაში იქნება. პრინციპულად არაფერი შეიცვლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ის [კვირიკაშვილი] მაინც სხვა სტილის ადამიანია, შეუძლია გაითვალისწინოს ღარიბაშვილის შეცდომები, სავარაუდოდ, ნაკლებად იქნება კონფრონტაციული, მისი სტილი განსხვავებულია. თუკი საჭიროდ ჩათვლის, შეუძლია უკეთესი ურთიერთობები ჰქონდეს სხვადასხვა მოთამაშესთან, ვისთანაც ღარიბაშვილს ცუდი დამოკიდებულება გააჩნდა, იგულისხმება არასამთავრობოები. ზოგი ამბობს, რომ პრეზიდენტთანაც უკეთესი ურთიერთობა ექნება, მაგრამ ეს დიდწილად ივანშვილზეა დამოკიდებული. თუ ივანიშილი წინააღმდეგი არ იქნება, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უკეთესი ურთიერთობები შეიძლება არსებობდეს. თუმცა მართვის ბუნება, სტრუქტურა და ზოგადად მიმართულება არ შეიცვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი