ახალი ამბები

ვოლსკი: კოალიციის და ფრაქციის შიგნით პრემიერის გადადგომის საკითხი არ განხილულა

23 დეკემბერი, 2015 • 1027
ვოლსკი: კოალიციის და ფრაქციის შიგნით პრემიერის გადადგომის საკითხი არ განხილულა

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია კოალიციისა და ფრაქციის შიგნით არ განხილულა.

შეკითხვაზე, თუ რა იგულისხმა მან, როდესაც ჟურნალისტებთან საუბარში დღეს დილით განაცხადა, რომ “ეს საკითხი განიხილებოდა”, ვოლსკი პასუხობს:

“მე მკითხეს – “პრესაში ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს”. მე ვამბობ, რომ მართლაც, პრესაში ფართოდ განიხილებოდა ეს საკითხი დღეს დილიდან.

მკითხა მერე თავად ჟურნალისტმა, ანუ პრესას გულისხმობთო? და კი პრესას ვგულისხმობ-თქო. მე ვუთხარი, პრესაში განიხილებოდა, მაგრამ მთავრობის ადმინისტრაციის აპარატი ამ საკითხის განხილვას არ ადასტურებს. პრესაში განიხილებოდა, მაგრამ ადმინისტრაცია არ ადასტურებს, ეს არის მოკლე პასუხი”.

დღეს დილით სხვადასხვა მედიასაშაულებაში გავრცელდა გია ვოლსკის კომენტარი პრემიერის შესაძლო გადადგომის თაობაზე, სადაც ამბობს, რომ “ეს საკითხი განიხილებოდა”, თუმცა სად და ვინ განიხილავდა ამ საკითხს, არ ყოფილა დაკონკრეტებული. მედიებში გავრცელებეული კომენტარით, ვოლსკიმ ასევე თქვა, რომ “ვრცელდება ეს ინფორმაცია, არ არსებობს ამაზე ისეთი დადებითი პასუხი, რომ უცებ გასცე და თქვა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია, ეს ასე არ არის. არის ამ საკითხზე მსჯელობა. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ნაჩქარევი განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციაში დასტური არა გვაქვს პრემიერის გადადგომაზე”.

დღეს დილიდან ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან გადადგა და მას გიორგი კვირიკაშვილი, ამჟამინდელი ვიცეპრემიერი შეცვლის. ეს ინფორმაცია ამ დრომდე ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ნეტგაზეთის შეკითხვაზე – პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე როდის მიაწვდით საზოგადოებას ოფიციალურ განმარტებას? – უპასუხეს: ჯერჯერობით არ ვიცით.

ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის 20 ნოემბერს აირჩიეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. მანამდე ღარიბაშვილი იყო საქართველოს შს მინისტრი, ხოლო უფრო ადრე, ბიძინა ივანიშვილის ფონდ “ქართუს” ხელმძღვანელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი