ახალი ამბები

ქანთარია: გამოდით, ბატონო პრეზიდენტო, დაგინახეთ და “ნიჩურტა” ამ შემთხვევაში საქმეს არ უშველის

23 დეკემბერი, 2015 • 1459
ქანთარია: გამოდით, ბატონო პრეზიდენტო, დაგინახეთ და “ნიჩურტა” ამ შემთხვევაში საქმეს არ უშველის

პარლამენტის წევრმა ნუკრი ქანთარიამ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეწყალების კომისიის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. ქანთარიას თქმით, გაუგებარია პრეზიდენტის დუმილი ამ საკითხთან დაკავშირებით.

“ცილისწამების სამიზნე ხდება ისეთი ჰუმანური ინსტიტუტი, როგორიც არის შეწყალების კომისია, და აქ მიჩნდება ერთი კითხვა: შეიძლება ბატონი პრეზიდენტის სიმაღლიდან ქართული ოცნების წევრები აღარ ვჩანვართ, როგორც საპრეზიდენტო კამპანიის დროს ვიყავით, და მე მიჩნდება კითხვა, რატომ დუმს პრეზიდენტი? ეს რა დუმილია? ეს ხომ არ არის თანხმობის ნიშანი? უფრო შორსაც შეიძლება წავიდეთ და ვთქვათ, თუ მან არ გააკეთა კომენტარი და დაგველაპარაკა კვლავ მრჩეველების პირით, მე ერთი ბავშვური თამაში მახსენდება – გამოდით, ბატონო პრეზიდენტო, დაგინახეთ, და “ნიჩურტა” ამ შემთხვევაში საქმეს არ უშველის,” – განცხადება ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხომაზე გააკეთა.

ქანთარიამ ასევე NDI-ის კვლევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კვლევების გამოქვეყნება საეჭვოდ დაემთხვა პრემიერის ანგარიშს და “ქართული ოცნება” ცილისწამების სამიზნე ხდება.

”რამდენიმე დღის წინ NDI-ის კვლევები გამოქვეყნდა კავკასიური რესურსების ცენტრზე დაყრდნობით, რაც ვფიქრობ, რომ მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობას და ამავე დროს იმას, რომ შეაგუოს ხალხი იმ აზრს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” შეიძლება დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

ვფიქრობ, ეს კვლევები საეჭვოდ დაემთხვა პრემიერის ანგარიშს, რომელმაც სავსებით ამომწურავი, შთამბეჭდავი ანგარიში ჩააბარა მოსახლეობას, და მან ილაპარაკა თითქმის ყველაფერზე, რაც გაკეთდა 3 წლის განმავლობაში. მე მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რაც არ გაკეთდა და რაც არასდროს არ გაკეთდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში: არ გაკეთდება ის, რომ ჩვენ ავყვეთ პროვოკაციას და ომის ქარიშხალი დატრიალდეს საქართველოში, არ გაკეთდება ახალგაზრდების ხოცვა ქუჩებში, არ გაკეთდება პატიმრების წამება, არ გაკეთდება ტელევიზიების რბევა, არ გაკეთდება ბიზნესმენების ტერორი და კიდევ ბევრი რამ არ გაკეთდება და, მე ვფიქრობ, ამის გამო მოსახლეობამ დასკვნების უნდა გამოიტანოს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მიმდინარეობს აღვირახსნილი ცილისმწამებლური კამპანია,” – აცხადებს ქანთარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი