ახალი ამბები

როგორი იყო 2015 წელი ლგბტ თემისთვის

23 დეკემბერი, 2015 • 2183
როგორი იყო 2015 წელი ლგბტ თემისთვის

ლგბტ ადამიანების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ცნობით, 2015 წელს სასამართლოში გამოტანილმა გადაწყვეტილებებმა აჩვენა, რომ სახელმწიფოს არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ ადამიანების უფლებები თანასწორად დაიცვას.

ეკა აღდგომელაშვილი (“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” წევრი) ამბობს, რომ 2000 წლის შემდეგ საკანონმდებლო ბაზის მნიშვნელოვანი პროგრესი მიმდინარეობს, თუმცა ამის პარალელურად სოციალური განწყობები ნეგატიურია და წლიდან წლამდე იზრდება სხვაობა საკანონმდებლო ნორმებსა და საზოგადოებრივ განწყობებს შორის.

ეკა აღდგომელაშვილს მიაჩნია, რომ ჰომოფობიის გამოვლენის ნიშნები, სიძულვილის ენა, ფიზიკური ძალადობა, ყოველწლიურად იზრდება. ამას თან ერთვის ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები, სასულიერო პირების გამოსვლები, სასამართლოს გადაწყვეტილებები.

აღდგომელაშვილის აზრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 17 მაისის აქციის დარბევისა და საბი ბერიანის მკვლელობის საქმეებზე გავლენას ახდენს არა მარტო გარემოზე, არამედ ლგბტ თემზეც, მიმართოს სამართალდაცმავებს მაშინ, როცა მათი უფლებები ირღვევა.

“სასამართლოს გადაწყვეტილებებით მთლიანობაში შეგვიძლია შევაფასოთ სახელმწიფოს რეაგირება ძალადობისა და დისკრიმინაციის საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებზე. ესაა ერთგვარი ლაკმუსის ტესტი. აქ ვლინდება, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსათვის ეს საკითი, რამდენად აღიარებს ამ საკითხს, როგორც პრობლემას”,- ამბობს აღდგომელაშვილი.

ნათია გვიანიშვილი, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” დირექტორი ამბობს, რომ 17 მაისის ინციდენტები ლგბტ თემისთვის საჯარო სივრცეში არსებობისათის ბრძოლის ერთგვარ ილუსტრაციად იქცა.

მას შემდეგ, რაც 2012 და 2013 წლებში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია დაარბიეს და სახელმწიფომ არავინ დასაჯა, 2015 წელს ჩატარებული რამდენიმე პარალელური აქცია შეზღუდული იყო დროის, მონაწილეთა რაოდენობისა და სივრცის თვალსაზრისით, – ამბობს ნათია გვიანიშვილი.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აძლიერებს შიშსა და უნდობლობას, რადგან როდესაც თემის წევრებთან საუბრობს იმის შესახებ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიციისადმი მიმართვას, უფლებათა დარღვევის შესახებ ფაქტების აღრიცხვას, სასამართლოში დავას, პასუხად იღებს, რომ თემის წევრები ამაში აზრს ვერ ხედავენ.

“17 მაისს მივიდა ამდენი ადამიანი, ამდენი კამერა მოგროვდა, 2 წელი ველოდეთ და არაფერი. თემისთვის ეს არის შეტყობინება სახელმწიფოს მხრიდან, რომ ლგბტ თემის წევრის ცემა თუ გინდა, იხდი მხოლოდ 100 ლარს”, – ამბობს ნათია გვიანიშვილი.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ენა, რომელსაც სასამართლო იყენებს, არის ტენდენციური და მთლიანად აუფასურებს ყველა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც პროკურატურამ წარადგინა.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სასამართლომ განმარტა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდებული სამი პირის მიმართ ბრალეული ქმედება დადასტურდებოდა იმის გამო, რომ ეს ქმედებები განვითარდა ლესელიძის ან ვაჩნაძის ქუჩებზე და არა პუშკინის სკვერში, აქციის ჩატარების ადგილას, ლგბტ ადამიანების უფლებების დარღვევად არ ჩაითვლებოდა.

“იმდენად ფორმალურად და ვიწროდ ესმის შეკრების ადგილის თემა, საუბრობს იმაზე, რომ თუ ეს პუშკინის სკვერში არ მოხდებოდა, ეს არ იქნებოდა უფლების დარღვევა”, – ამბობს მიქელაძე.

თამთა მიქელაძის თქმით, 17 მაისისა და საბი ბერიანის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებით ცხადი გახდა, რომ ყველაზე სერიოზულ საქმეებზე, სადაც ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო, პროკურატურამ აჩვენა აშკარად არაეფექტური გამოძიების მცდელობები, რამაც საბოლოოდ სასამართლოსთვის გამამართლებელი განაჩენის მიღების საფუძველი შექმნა.

რაც შეეხება სასამართლოს, მან აჩვენა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, რომლებიც გარკვეული ტენდენციური მსჯელობების ნიშნებს შეიცავს და მთლიანად უგულებელყოფს ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც ბრალის დასადასტურებლად იყო წარმოდგენილი, – მიიჩნევს მიქელაძე.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტრონგის ცენტრის” იურისტის ლიკა ჯალაღანიას თქმით, 17 მაისის დარბევის საქმეზე 4 პირს წარედგინა ბრალი და ეს არ იყო პროპორციული, რაც ვერ უზრუნველყოფდა სამართლიანობის აღდგენას.

“ამ ფაქტთან მიმართებით თითქოს პროკურატურამ და სახელმწიფომ შექმნა ილუზია, რომ ის იცავდა და ცდილობდა სამართლიანობა აღედგინა, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან მიმართებით უნდა აღვნიშნოთ ის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა არ განახორციელეს სიღრმისეული გამოძიება”, – ამბობს ჯალაღანია.

2015 წლის კიდევ ერთ ჰომოფობიურ გამოვლინებად დასახელდა პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ანტიდისკრიმინაციული კანონიდან უნდა ამოიღონ სიტყვები “სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა”.

ეკა აღდგომელაშვილი ამბობს, რომ ჰომოფობია საქართველოში პოლიტიზებულია, ხშირად საჯარო მოხელეები, პარლამენტარები და მაღალი თანამდებობის პირები არ იაზრებენ იმ პასუხისმგებლობას და არ აფასებენ იმ გავლენას, რაც მათ განცხადებებს მოყვება.

აღდგომელაშვილის თქმით, 2016 წელი საარჩევნო წელია და მომავალ წელს გაძლიერდება ჰომოფობიური განწყობები, რადგან ბოლო 18 წლის დინამიკა ნათლად აჩვენებს, რომ წინასაარჩევნოდ იზრდება ჰომოფიბიური გამოსვლები, როგორც ელექტორატის მანიპულაციის საშუალება.

“თამაშობენ ძლიერ ფობიებზე. ერთ-ერთი მნიშნელოვანი დისკურსი, რომელშიც მიმდინარეობს არჩევნები, არის ტრადიციები, ეროვნულობა, მართლმადიდებლობა. თუ ამის გარშემო აქვს წინასაარჩევნო პროპაგანდა აგებული, რომ თავი წარმოაჩინოს ასეთი ტიპის ძალამ, ბუნებრივია, სჭირდება მტრის ხატის შესაქმნელად ასეთი საკითხების ხელოვნურად გაბუქება. დემოგრაფიული კრიზისიდან დაწყებული, ქვეყნის საზღვრებით დამთავრებული, ყველაფერზე შეუძლიათ აპელირება, როცა ლგბტ ჯგუფზე საუბრობენ”, – ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

თამთა მიქელაძეც ეთანხმება მოსაზრებას, რომ მომავალი წელი ჰომოფობიის კუთხით რთული იქნება, რადგან ლგბტ თემის დემონიზებას ასევე იყენებენ რუსეთი და მისი მომხრე პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება სურთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი