ახალი ამბები

ბურჭულაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას

22 დეკემბერი, 2015 • 1243
ბურჭულაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას

ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც ნოემბერში ორგანიზაცია “საქართველოს განვითარების ფონდი” დააარსა, განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლეების ხელახალი დანიშვნა ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობის განაწილებას ნიშნავს.

“გირგვლიანის საქმის მოსამართლეების უვადო დანიშვნა ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება, წინა ხელისუფლებასთან ერთად გირგვლიანის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება სრულად ანგრევს სასამართლო სისტემის იმ აუცილებელი რეფორმის ნაცვლად, რომელიც სისტემაში არის გასატარებელი. ხელისუფლებისგან მოვითხოვთ: ნუ დაუჭერს მხარს უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას, რაც სრულად და საბოლოოდ შელახავს სასამართლოს რეპუტაციას,”– აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს. მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება უკვე გაიარა. ლევან მურუსიძე საბჭოს მოსამართლე წევრების მხარდაჭერაში დარწმუნებულია. თუმცა იმისათვის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნოს, კიდევ 3 ხმა სჭირდება, რომელიც არამოსამართლე წევრებისგან უნდა მიიღოს.

ლევან მურუსიძე იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელსაც, როგორც ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს 2007 წელს სასჯელები შეუმცირდათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი