კრწანისის სასწავლო ცენტრში დღეს მომხდარი აფეთქების გამო, რომლის შედეგადად 3 სამხედრო დაიღუპა და 13 – დაიჭრა, გამოძიება დაიწყო.
კრწანისის სასწავლო ცენტრი რუსთავის გზატკეცილზე, სოფელ კრწანისში, მდებარეობს. სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი ცხვიტავა ამბობს, რომ რთულია ცენტრში სამხედროების რაოდენობაზე საუბარი.
„ეს არის სასწავლო ცენტრი და გეგმურ წვრთნებზე იქ სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა რაოდენობის ჯარისკაცია. თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ ინტენსიური წვრთნები მიმდინარეობს. ამ დროს შეიძლება იყოს 3 ან 5 ათასი ჯარისკაცი. როგორც წესი, რაოდენობას არავინ ამბობს, ეს გასაიდუმლოებული მონაცემია“ – ამბობს გიორგი ცხვიტავა.
სამი თუ ხუთი ათასი ჯარისკაციდან დღეს მომხდარი აფეთქების მსხვერპლი 16 სამხედრო გახდა.
ოფიციალური ვერსიით, ჯარისკაცების წვრთნის დროს ცენტრში 120 მმ ნაღმი აფეთქდა.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევაა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო, სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება შესაძლოა წვრთნის დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომით იყოს გამოწვეული.
„ტექნიკური შეცდომა ნიშნავს, რომ არსებობს შესაძლებლობა, წვრთნების დროს გარკვეული დაზიანება მოხდეს, მაგალითად, მწყობრიდან გამოვიდეს ტექნიკა, ან ჯარისკაცმა დაუშვას შეცდომა. თუ თვითმხილველი არ ხარ, გამოძიებამდე ვერავინ ვერაფერს იტყვის“, –ამბობს ცხვიტავა.
სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის, არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ის ოფიციალურ განცხადებას ეყრდნობა:
„ადრეც ხშირად მომხდარა, როდესაც ნაღმსატყორცნებიდან სროლისას ერთ ნაღმს აგდებენ ლულაში, სანამ ის გავარდება, მეორესაც აგდებენ, შეცდომით. როცა ორივე ხვდება ლულაში, ხდება მათი ერთად აფეთქება. შეიძლება ასეთი რამ მოხდა, არ არის გამორიცხული, სპეციალისტს არ გაუჭირდება, ადგილზე მალევე გაარკვიოს, თუ რა მოხდა“, – ამბობს ალადაშვილი.
ნაღმსატყორცნი 120 მმ ნაღმს ისვრის. ეს ნაღმი დაახლოებით 16 კგ იწონის. მასში 2კგ ასაფეთქებელი ნივთიერებაა მოთავსებული.
„ეს ნაღმი რომ ვარდება, მიწაში დაახლოებით 1 მეტრ ღრმულს ტოვებს“, – ამბობს ალადაშვილი.
კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეულების, ოცეულების სხვადასხვა სახის წვრთნები ტარდება.
დღეს მომხდარი აფეთქება ერთ–ერთ ასეულს უკავშირდება. ეს არის პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმტყორცნელთა ბატალიონი. ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ამ ასეულის ჯარისკაცების წვრთნის დროს მოხდა სასწავლო ცენტრში აფეთქება.
„როდესაც საარტილერიო ბრიგადაში მსახურობ, ეს პროფესიული ჯარია. ესენი კონტრაქტზე მომუშავე სამხედროები არიან, პროფესიონალი ჯარისკაცები, რომლებსაც თავდაცვის სამინისტროსთან აქვთ კონტრაქტი გაფორმებული“, – ამბობს ცხვიტავა.
სამხედრო ჟურნალისტების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წვრთნების დროს უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია. წვრთნებს უსაფრთხოების ოფიცრები ესწრებიან.
„აქ არის მკაცრად გაწერილი იერარქია. სუბორდინაცია იმდენაც მკაცრად არის გაწერილი, რომ ვერც კი წარმოიდგენს სამოქალაქო ადამიანი. ყველა ნაბიჯი გაწერილია, ზოგადად, არ ხდება, რომ თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს ვინმეს“, – ამბობს ცხვიტავა.
ამის მიუხედავად, დღეს 13 სამხედრო დაიჭრა, სამი კი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის და გენერალური ინსპექციის გამოძიების დასრულებამდე, რთულია გაიგო, რა მოხდა დღეს დილით კრწანისში – რას გულისხმობს „ტექნიკური შეცდომა“ და შესაძლებელია თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაზე საუბარი.
სამხედრო პოლიციის თანამშრომლები დღეს ღუდუშაურის კლინიკასთან გამოჩნდნენ. დღის მანძილზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუ სად იწვნენ დაჭრილი ჯარისკაცები.
დილის 11 საათისთვის 13 სამხედრო რუსთავის საავადმყოფოში მიიყვანეს. ამ დროისთვის არც ერთი მათგანი რუსთავის საავადმყოფოში აღარ იმყოფება: 11 მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიაყვანეს დაახლოებით დღის პირველი საათისთვის.
რუსთავის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, პაპუნა ბახტაძის თქმით, მათ მცირე დაზიანებები აღენიშნებოდათ.
ორი სამხედროს მდგომარეობა, ბახტაძის თქმით, მძიმე იყო, მათ შორის, ერთს ყელის არეში ჰქონდა ჭრილობა. დღის მანძილზე თბილისიდან რუსთაველი ექიმების დასახმარებლად ორი ექიმი ჩავიდა რუსთავის საავადმყოფოში.
ოპერაცია რუსთავის საავადმყოში, ბახტაძის თქმით, კარგად დასრულდა. თუმცა ყელის არეში დაჭრილ სამხედროს, ექიმის თმით, შესაძლოა პლასტიკური ოპერაცია დაჭირდეს. ამ დროისთვის ის თბილისში, ე.წ არამიანცის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაის დღეს მომხდარ ტრაგედიაზე კომენტარი მთელი დღის მანძილზე არ გაუკეთებია. დღეს მედიასთან კომენტარს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, სალომე მახარაძე აკეთებდა. საღამოს რვა საათისთვის ახალაიამ პირველი კომენტარი გააკეთა. მან დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა,რომ აფეთქების მიზეზი გამოძიებული იქნება და იმ შემთხვევაში თუ ვინმეს ბრალეულობა გამოვლინდება, ის აუცილებლად დაისჯება.
კრწანისში მომხდარ აფეთქებას ამერიკიდან მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. მანანა მანჯგალაძემ, პრეზიდენტის პრესპიკერმა განაცხადა,რომ ყველა საჭირო ხალხს, სახელმწიფო დაფარავს.
სამინისტრომ დღის მეორე ნახევარში დაღუპული და დაჭრილი სამხედროების სახელები და გვარები გამოაქვეყნა:
მომხდარის შედეგად გარდაიცვალნენ კაპრალები: ზურაბ კუცია , ემზარ შოშიაშვილი , დავით გოგიჩაიშვილი.
დაჭრილები არიან კაპრალები: ალექსანდრე თომაშვილი , ვალოდია ხრიკული , ზურაბ ქვათაძე ,გიორგი გნოლიძე , აკაკი ყულოშვილი , გიორგი ჩოფლიანი , ამირან სამოსონიძე , დავით მურადაშვილი , გიორგი ახალაძე , ზაზა ხუროშვილი , გელა ფიცხელაური , როინ ხოზრევანიძე , ზაქარია კურტანიძე.