ახალი ამბები

ღარიბაშვილი პუტინის განცხადებაზე: ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელ მსოფლიოში უვიზოდ გადაადგილებას

18 დეკემბერი, 2015 • 1787
ღარიბაშვილი პუტინის განცხადებაზე: ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელ მსოფლიოში უვიზოდ გადაადგილებას

“სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი”, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე.

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, საქართველომ ანალოგიური ნაბიჯი რუსეთის მოქალაქეების მიმართ ჯერ კიდევ 2011 წელს გადადგა.

„ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მთელ მსოფლიოში უვიზოდ, ყოველგვარი ბარიერების გარეშე გადაადგილებას. ჩვენი პრაგმატული პოლიტიკა მიმართულია ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. არც ერთი ნაბიჯი, როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ისე – საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე არ გადაგვიდგამს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უვიზო რეჟიმი დააწესოს საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი