ახალი ამბები

ღარიბაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ვაშინგტონში მიიწვიეს

14 დეკემბერი, 2015 • 1126
ღარიბაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ვაშინგტონში მიიწვიეს

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ბარაკ ობამამ მიიწვია, რომელიც ვაშინგტონში 2016 წლის 31 მარტიდან 1 აპრილამდე გაიმართება.

მთავრობის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ღონისძიების ფარგლებში უმასპინძლებს თავისუფალ და ღია დიალოგს იმ ზომების შესახებ, რომელთა მიღება შესაძლებელია გლობალური ბირთვული უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

„ვიმედოვნებ, შემომიერთდებით მუშაობაში ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა, მე განვიხილავ ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დამატებითი ვალდებულებების საკითხს, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატები განაცხადებს 2016 წლის სამიტზე. საქართველომ ცხადყო გლობალური ბირთვული უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერა, რაც აისახა კიდეც ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის კონვენციის შესწორებული ვარიანტისა და ბირთვული ტერორისტული აქტების აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებასა და ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლის გლობალური ინიციატივის წევრობაში”, – ნათქვამია ბარაკ ობამას მიწვევის წერილში, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.

წერილში, რომლის ტექსტს საქართველოს მთავრობა აქვეყნებს, ბარაკ ობამა წერს, რომ “სამოქმედო გეგმაში, რომელსაც დავამტკიცებთ სამიტზე, ასახულია კონკრეტული ზომები, რომლებსაც ჩვენ, როგორც შესაბამისი ინსტიტუტებისა და ინიციატივების წევრები, მივიღებთ, რათა კიდევ უფრო განვამტკიცოთ ბირთვული უსაფრთხოების სტრუქტურა”.

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლახან მიიღო ბირთვული მასალების ფიზიკური დაცვის კონვენციის შესწორებული ვარიანტი და ბირთვული ტერორისტული აქტების აღმოფხვრის საერთაშორისო კონვენცია, რომლებიც ძალაში წლის ბოლომდე შევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი