ახალი ამბები

რუსეთმა გეგმური ბირთვული სწავლება ჩაატარა

26 ოქტომბერი, 2022 • 671
რუსეთმა გეგმური ბირთვული სწავლება ჩაატარა

რუსეთმა გამართა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სტრატეგიული შეკავების ძალების სწავლება, რომლის დროსაც ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების პრაქტიკული გაშვება მოხდა.

კრემლის თანახმად, წვრთნების ფარგლებში, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტუაციური ოთახიდან ხელმძღვანელობდა, შემოწმდა სამხედრო სამეთაურო-საკონტროლო ორგანოების მზადყოფნის დონე და ხელმძღვანელობისა და ოპერატიული პერსონალის უნარ-ჩვევები ჯარების მართვისა და კონტროლის ორგანიზებაში.

„სტრატეგიული შეკავების ძალების მომზადების დროს გათვალისწინებული ამოცანები სრულად შესრულდა, ყველა რაკეტამ მიაღწია მიზანს, რაც ადასტურებს მითითებულ მახასიათებლებს“, — ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, შეიარაღებული ძალების სასწავლო გეგმის შესაბამისად, სტრატეგიულმა შეტევითმა ძალებმა მტრის ბირთვული თავდასხმის საპასუხოდ მასობრივი ბირთვული დარტყმის განხორციელების დავალებაზე ივარჯიშეს. ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტები შორეულ აღმოსავლეთსა და არქტიკაში გაუშვეს.

BBC-ის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებს წვრთნების თაობაზე შეიარაღების კონტროლის შესახებ New Start-ის ხელშეკრულების შესაბამისად ეცნობა.

რუსეთის მიერ რაკეტების გაშვება განხორციელდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გაახმიანა დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს.

შოიგუ უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებაზე ნატოს თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი