მთავრობას “ვიზალიბერალიზაციის გეგმის წარმატებით განხორციელების” აღსანიშნავ ღონისძიებებზე 220 ათასი ლარის დახარჯვა სურს

მთავრობას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე 220 450 (ორას ოცი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის დახარჯვა სურს. შესაბამისი თანხის გამოყოფის განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა:

“საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 220 450 (ორას ოცი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი”, – ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ევროკომისიის ახალი ანგარიში 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა ბოლო ინფორმაციით შეიძლება გადაიდოს. ნეტგაზეთმა მთავრობის ადმინისტრაციას კითხა, კონკრეტულად რაში უნდა დაიხარჯოს ზემოხსენებული თანხა.

“ვიზალიბერალიზაციის პროცესში პირველი პოზიტიური შედეგი არის ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება. ამ თარიღის აღსანიშნავად, მთავრობის ადმინისტრაცია გეგმავს ევროკავშირთან და ვიზალიბერალიზაციასთან ასოცირებული რამდენიმე ვიზუალური პროექტის განხორციელებას, რათა საქართველოს მოსახლეობამ და მსოფლიო საზოგადოებამ ნახოს საქართველოს გამოხმაურება ევროკომისიის პოზიტიურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციის მიერ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის მოთხოვნა ამ ფაქტს უკავშირდება”, – ასე უპასუხა მთავრობის ადმინისტრაციამ ნეტგაზეთის ზემოხსენებულ შეკითხვას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com