ახალი ამბები

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ილია II-მ ჩაიბარა

22 დეკემბერი, 2010 • • 1594
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ილია II-მ ჩაიბარა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ამიერიდან ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიასაც უხელმძღვანელებს. ეს გადაწყვეტილება გუშინ წმინდა სინოდმა მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ წმინდა სინოდის სხდომამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.

,,ამიერიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული იქნება შემდეგი: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა_თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა’’, – ნათქვამია განცხადებაში.

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას აქამდე მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) ხელმძღავნელობდა. განცხადების მიხედვით, მიტროპოლიტ დანიელს მადლობა გამოეცხადა გაწეული მსახურებისთვის და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტად დაინიშნა.

სინოდის სხდომაზე ასევე ქართულ მრავალხმიან გალობაზე ისაუბრეს. სინოდის აზრით, საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართული მრავალხმიანი გალობით უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონიკური ზომები.

სინოდმა დაადგინა, რომ უნდა შეიქმნას წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია. დადგენილებით, მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი) უხალმძღვანელებენ.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ასევე  დედოფლისწყაროს ეპარქიას დაუბრუნდება ისტორიული სახელწოდება. ამიერიდან ამ მხარის ეპისკოპოსი  ხორნაბუჯისა და ჰერეთის მმართველად მოიხსენიება.

ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) კი დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად.

წმინდა სინოდის სხდომა გუშინ, 12 საათზე, დაიწყო და ოთხი საათის განმარვლობაში მიმდინარეობდა.  სხდომასა საქართველოს საპარტიარქოში ილია II უძღვებოდა.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპარტიარქომ გუშინ, გვიან ღამით, გაავრცელა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი