ახალი ამბები

ეკა ბესელია: ბევრი მხარდამჭერი გამოჩნდება, რომ პატრიარქს შეწყალების უფლება მიენიჭოს

5 დეკემბერი, 2015 • 1284
ეკა ბესელია: ბევრი მხარდამჭერი გამოჩნდება, რომ პატრიარქს შეწყალების უფლება მიენიჭოს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს პატრიარქს აქვს საზოგადოების ყველაზე მაღალი ნდობა და მას უნდა ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება. ასე გამოეხმაურა ბესელია დღეს ილია მეორის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის ესაუბრა პრემიერს, რათა პატრიარქს პატიმრების შეწყალების უფლება მიენიჭოს.

“საქართველოს პატრიარქსაც უნდა ჰქონდეს ეს განსაკუთრებული უფლება, როგორც ადამიანს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ნდობა საზოგადოების. თუ ეს პოლიტიკური თანხმობა იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება მხარდამჭერი, რომ ეს შესაძლებლობა და უფლება საქართველოს პატრიარქს საკანონმდებლო დონეზე მიენიჭოს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

“ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმარი”, – განაცხადა ილია მეორემ დღეს რუსთაველის თეატრში, სადაც მსჯავრდებულ ქალთა წარმოდგენა გაიმართა და რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ პატიმრების შეწყალების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს. იმისთვის, რომ ილია მეორე მიენიჭოს ანალოგიური უფლება, აუცილებელია, რომ განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი