ახალი ამბები

სააკაშვილი: მარგველაშვილი, ალბათ, მხოლოდ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის აქტით შევა ისტორიაში

5 დეკემბერი, 2015 • 2286
სააკაშვილი: მარგველაშვილი, ალბათ, მხოლოდ ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის აქტით შევა ისტორიაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

“დღეს, როგორც მითხრეს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჩამომართვა საქართველოს მოქალაქეობა. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს კაცი, ალბათ, მხოლოდ ამ იურიდიული აქტით შერჩება საქართველოს ისტორიას, ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მიღებულია, რუსი ოლიგარქის ივანიშვილის, მისი დაშინებული ხავსმოჭიდებული, უუნარო ხელისუფლების მიერ და ემსახურება ერთ მიზანს, რომ გზა დამიკეტოს საქართველოს არჩევნებში კენჭისყრისგან”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, სურს შეახსენოს საზოგადოებას, ვინც პარალელს ავლებს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და დღევანდელ გადაწყვეტილებას შორის, “ივანიშვილს, მას შემდეგ, რაც მან მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ეგრევე შევთავაზეთ ორმაგი მოქალაქეობის აღება და როცა ამაზე ცივი უარი თქვა, კონსტიტუციაც კი შევცვალეთ, რომ არავის ეთქვა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს არ ვუშვებთ არჩევნებში მონაწილეობას და ევროკავშირის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მივეცით”

ჩემი სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია. თავიდანვე თქვეს, რომ დამაპატიმრებდნენ. ამ ფონზე მე იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ჩემი ქვეყანა, მაგრამ, ამავე დროს, მე წავედი უკრაინაში, სადაც იგივე ბრძოლა მიდის, რაც საქართველოში. ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის. დღეს აქ მე და ჩემი მეგობრები ქართულ საქმეს ვაკეთებთ. მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ ჩამომართმევს ჩემს ქართველობას, ვერავინ დამაკარგინებს საქართველოს უკიდეგანო სიყვარულს. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით”, – აცხადებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა იმის გამო შეუწყდა და არა “ჩამოერთვა”, რომ ის უკრაინის მოქალაქე გახდა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი