ახალი ამბები

ქარტიის საბჭომ გადაწყვეტილება ჟურნალისტის წინააღმდეგ მიიღო

13 დეკემბერი, 2010 • • 1269
ქარტიის საბჭომ გადაწყვეტილება ჟურნალისტის წინააღმდეგ მიიღო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტრმა გელა მთივლიშვილმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მესამე მუხლები.

ქარტიის პირველის მუხლის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ხოლო მესამე მუხლი ამბობს, ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.

საჩივარი ეთიკის საბჭოში გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივამ’’  15 ნოემბერს შეიტანა.

ორგანიზაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ინფორმაციაში, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე 3 ნოემბერს გამოქვეყნდა, ინფორმაციის წყაროდ ,,მწვანე ალტერნატივა’’ იყო მოხსენიებული.

მასალაში კახეთის რაიონში იმ მოსალოდნელ საშიშროებზე იყო საუბარი, რომელიც ამ მხარეს შესაძლოა ღვარცოფობების შედეგად მიადგეს.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ქეთი გუჯარაიძის განცხადებით, ინფორმაცია, რომელიც საიტზე გამოქვეყნდა, არ გაუვრცელებია ,,მწვანე ალტერნატივას’’ და არც მის რომელიმე წარმომადგენელს მიუცია ინტერვიუ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტისთვის.

გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ქარტიის საბჭო გადაწყვეტილების გამოტანისას არაობიექტური იყო.

,,იმ დღეს რედაქტორი სხვა იყო და მე რა შუაში ვარ’’, – ამბობს მთივლიშვილი.

ეთიკის ქარტიის სამჭოს თავმჯდომარე ეთერ თურაძის თქმით, გადაწყვეტილების გამოტანამდე საბჭომ მსჯელობას დიდი დრო დაუთმო და მიიჩნია, რომ მთივლიშვილმა დაარღვია ჟურლანისტური ეთიკის მუხლები.

,,როცა საბჭომ დასაშვებად სცნო ეს საკითხი და განიხილა, სხვადასხვა გარემოებებს დაეყრდნო, რომლის შესახებაც აუცილებლად გვექნება სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული აზრი. ეს არ იყო მარტივი, ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი სხდომა, რაც კი ჩაგვიტარებია.

 მასალა, რომლის გამოც, საბჭოს გადაწყვეტილებით, გელა მთივლიშვილმა ქარტიის ორი პუნქტი დაარღვია,  კიდევ სამ მედია საშულებაში: გაზეთ ,,რეზონანსში’’, საინფორმაციო სააგენტო ,,ჯიეიჩენზე’’ და გაზეთ ,,24 საათში’’ გამოქვეყნდა. არასამთავრობო ორგანიზაცია თავდაპირველად ოთხივე მედია საშუალებას უჩიოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტური ქარტიის ხელმომწერები მხოლოდ გაზეთ ,,რეზონანსის’’ რედაქტორი ელოსო ჩაფიძე და კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი გელა მთივლიშვილი იყვნენ.

ქარტიის საბჭო წარმოებაში საქმეს მხოლოდ ეთიკის ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების შესახებ იღებს.

საბჭომ საჩივარი გაზეთ ,,რეზონანსის’’ წინააღმდეგ დასაშვებად არ სცნო. ,,რეზონანსის’’ ქარტიის ხელმომწერი რედაქტორი, ელისო ჩაფიძე გაზეთის მხოლოდ ორშაბათის ნომერის რედაქტორია. სტატია კი შაბათის ნომერში (30 ოქტრომბერს) გამოქვეყნდა. იმ დროს მოქმედი რედაქტორი ქარტიის ხელმომწერი არ არის.

სტატია ღვარცოფების შესახებ, რომელშიც ინფორმაციის წყაროდ ,,მწავანე ალტერნატივა სახელდება,  თავდაპირველად გაზეთ ,,რეზონანსში’’ გამოჩნდა. მთივლიშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია სწორედ გაზეთ რეზონანში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით გაავრცელა, თუმცა არ მიუთითებია.

მოგვიანებით, ამის გამო, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორმა ვებგვერდის საშუალებით მკითხველს ბოდიში მოუხადა.

დაწყვრილებით საბჭო თავის არგუმენტაციას სამოტივაციო წერილში ჩამოაყალიბებს, რომელიც, თურაძის თქმით, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. 

ქარტიის სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი