ახალი ამბები

საქართველოს სტაბილური მომავლის უსაფრთხოება

13 დეკემბერი, 2010 • • 977
საქართველოს სტაბილური მომავლის უსაფრთხოება

საქართველოში მორიგ არჩევნებამდე დარჩენილი ორი წელი ხელისუფლებამ დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შესაქმნელად უნდა გამოიყენოს. ეს კი ოპოზიციასთან მომავალ რეფორმებზე პროდუქტიული დიალოგის გზითაა შესაძლებელი,–აცხადებს კრიზისების თავიდან აცილების ჯგუფი საქართველოს შესახებ დღეს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

კრიზისების თავიდან აცილების ჯგუფი არასამათავრობო და არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია კონფლიქტების თავიდან აცილებისთვის მუშაობა და პრობლემების გადაწყვეტა.

კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფის (კრიზისების ჯგუფი) ახალი მოხსენება განიხილავს ქვეყნის მდგომარეობას 2012-2013 წლის არჩევნების გზაზე. რეფორმების განხორციელება განსაზღვრავს, ქვეყანა ნამდვილად სტაბილურ, თანამედროვე  დემოკრატიად განვითარდება თუ მყიფე, ნახევრად-პლურალისტულ სისტემად. 

 “ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა მოძრაობამ მომავალი ორი წელიწადი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღსადგენად უნდა გამოიყენოს”, ამბობს კრიზისების ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი ლოურენს შიიტსი. “საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის დროს საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, ევროკავშირმა და აშშ-მ,  პრიორიტეტი უნდა მიანოჭოს თავისუფალ არჩევნებს, სასამართლო რეფორმასა და მედიის გამჭვირვალობას”. 

ომიდან ორ წელიწადნახევრის შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება უფრო და უფრო კონცენტრირებულია 2012-2013 წლების არჩევნების სამზადისზე  და კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად მიღებული ძალაუფლების დანაწილების პრინციპზე. ხშირი სპეკულაციების თემა ხდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის როლი 2013 წლისათვის,  მას შემდეგ, რაც იგი დატოვებს თანამდებობას. აგრეთვე, განხილვის თემაა, შეეცდება თუ არა იგი დარჩეს ახლად გაძლიერებული პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.  თავად პრეზიდენტი ამბობს, რომ ჯერ სამომავლო გადაწყვეტილებები არ მიუღია, კონსტიტუციის ცვლილების მიზანი კი იყო არა პიროვნებების დაწინაურება, არამედ რეფორმების გაძლიერება.

ოპოზიცია ბრალს სდებს ხელისუფლებას კონსტიტუციურ თემებთან დაკავშირებული საჯარო დებატების ნაკლებობაში და აპროტესტებს ისეთი ცვლილებების მიღებას, რომლებიც არ აძლიერებენ საპარლამენტო უფლებამოსილებებს. მართალია, ოპოზიცია ჯერ კიდევ დანაწევრებულია, მაგრამ  უკვე არც თუ ისე ბევრი ემხრობა მთავრობის ცვლილებას ქუჩის დემონსტრაციების გზით. ეს ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, ჩართოს ოპოზიცია დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასა და არჩევნების ლეგიტიმაციის პროცესში. გასულ თვეს მიღწეული შეთანხმება თხუთმეტ ოპოზიციურ პარტიასთან საარჩევნო კოდექსის გადახედვასთან დაკავშირებით კარგი დასაწყისია.

“ბოლო ორი წლის მანძილზე ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა სასამართლო და მედია სფეროში, მაგრამ გაცილებით მეტია გასაკეთებელი ამ ინსტიტუტებისადმი ნდობის აღსადგენად”,  ამბობს კრიზისების ჯგუფის კავკასიის ანალიტიკოსი მედეა ტურაშვილი. “მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ მიიჩნევს, რომ სასამართლო აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და პროკურატურის გავლენის ქვეშ იმყოფება. მედია კი პოლიტიკური ნიშნით არის პოლარიზებული”.

4,5 მილიარდი დოლარის დახმარება, რომელიც საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებისაგან სამი წლის ვადით ომის შედეგების აღმოსაფხვრელად მიიღო, უკვე იწურება. 2012-2013 წლებში დასაფარი ვალდებულებები სერიოზული გამოწვევაა საქართველოს ეკონომიკისათვის, რადგან ის ართულებს საგარეო ვალისა და სავაჭრო დეფიციტის შემცირებას, მითუმეტეს, თუ უცხოური პირდაპირი ინვესტიციები და ექსპორტი არ გაიზრდება. ეს პერიოდი კი სწორედ მორიგი არჩევნების ციკლს ემთხვევა.

“ახლო მომავალში საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ მძიმე პოლიტიკური და ეკონომიური გამოწვევების წინაშე დადგება. იგეგმება, 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად, პრეზიდენტის დემოკრატიული ცვლილება”, ამბობს კრიზისების ჯგუფის ევროპის პროგრამის დირექტორი საბინა ფრეიზერი. “რეფორმების კეთილსინდისიერი იმპლემენტაცია შესაძლებელს გახდის რევოლუციური პერიოდის დასრულებას,  განამტკიცებს მთავრობის შიდა ლეგიტიმურობას და უზრუნველყოფს ქვეყნისათვის საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიურ დახმარებას.”   

მასალების გადაბეჭდვის წესი