ახალი ამბები

შსს: “კამპუსის” დირექტორის, მიხეილ ხუნდაძის დაჭრაში ბრალდბეული დაკავებულია

27 ნოემბერი, 2015 • 1728
შსს: “კამპუსის” დირექტორის, მიხეილ ხუნდაძის დაჭრაში ბრალდბეული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირი, რომელმაც “კამპუსის” დამფუძნებელს მიხეილ ხუნდაძეს დანით ჭრილობა მიაყენა, დაკავებულია.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (7-დან – 15 წლამდე პატიმრობა).

შემთხვევა 15 ნოემბერს მოხდა:

“მოგეხსენებათ, კამპუსი არის ბიბლიოთეკა, თავისუფალი სახელოვნებო-საგანმანათლებლო სივრცე. მისი ფორმატი ითავსებს საჯარო ლექციებსა და სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობებს. კამპუსის ატმოსფეროს სტუდენტები და პროფესიონალები ერთობლივად ქმნიან.

კამპუსი მდებარეობს ვერაზე, მილორავას ქ. # 8ა – ში, ბელინსკისა და არაგვის ქუჩებს შორის. 
კვირა საღამოს, 15 ნოემბერს კამპუსში მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი. როგორც ჩანს, “უბანში” არსებული სოციალური გარემო არ აღმოჩნდა მზად მიეღო მსგავსი ტიპის სივრცე. არატოლერანტული დამოკიდებულება გადაიზარდა აგრესიაში, რასაც მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორება. ცივი იარაღით, გულმკერდის არეში მძიმე დაზიანება მიიღო კამპუსის დირექტორმა მიხეილ ხუნდაძემ. საბედნიეროდ მიშა გადარჩა და მძიმე ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში იმყოფება.

უნდა აღინიშნოს, რომ კამპუსი მომხდარს განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ დისკრიმინაციას და ძალადობას ზოგადად მსგავსი ნიშნის მატარებელი ნებისმიერი თავისუფალი სივრცის წინააღმდეგ. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინციდენტი არა მხოლოდ ერთი “უბნის”, არამედ საზოგადოების პრობლემაა. კამპუსი აცნობიერებს, რომ ის მახინჯი, იდეოლოგიზირებული ინტერპრეტაციის მსხვერპლია, რომლის უკან “სოციალური ნორმის” დამცველი, მოძალადე დისკურსი დგას.

მიუხედაავად “უბანში”არსებული ნეგატიური განწყობისა, უნდა აღინიშნოს, რომ “უბნელი” ახალგაზრდობის კეთილგანწყობილი ნაწილი დაინტერესებული იყო ჩვენი საქმიანობით და აქტიურად ერთვებოდა მუშაობის პროცესში.

კამპუსი აღნიშნულ ტერიტორიაზე გაცნობიერებულად წყვეტს ფუნქციონირებას.

ამჟამად ჩვენ ალტერნატიული სივრცის ძიების პროცესში ვიმყოფებით.

სივრცის მოძიებისთანავე გაცნობებთ ახალ ადგილმდებარეობას, სადაც კამპუსი განაახლებს მუშაობას”, – ნათქვამია კამპუსის განცხადებაში.

მომხდარი შესახებ ინფორმაცია ფეისბუკით გაავრცელა დავით დეფიმაც:

“მეგობრებო მინდა ერთი ამბავი იცოდეთ. ამბავი, რომელიც წინა კვირას თბილისში მოხდა.

მიშა ხუნდაძეს ვერაზე თანამედროვე ხელოვნების ცენტრი აქვს გახსნილი. კამპუსი, სადაც შეხვედრები და სხვადასხვა ტიპის საჯარო ლექციები ტარდება.

სწორედ ერთი კვირის წინ მიმდინარეობდა მორიგი საჯარო ლექცია. მას უნივერსიტეტების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები ესწრებოდნენ. ასევე ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრებიც. შუა ლექციის დროს დარბაზში 23 წლის ბიჭი ყვირილით შევიდა, მიშა ხუნდაძე რომელიაო იკითხა. ლექცია რომ არ ჩაშლილიყო, მიშამ ეს პიროვნება დარბაზიდან გამოიყვანა და ის იყო თქმას აპირებდა, რა გნებავთ, ასეთი ყვირილით რატომ შემოხვედითო, მან მთელი ძალით მკერდში დანა ჩაარტყა. გულთან ძალიან ახლოს ბოლომდე გაუყარა. შემდეგ დანა ამოაძრო და ჩაარტყა ხელშიც”, – წერს დეფი.

მიხეილ ხუნდაძე/ფოტო მისი ფეისბუკის გვერდიდან

მიხეილ ხუნდაძე/ფოტო მისი ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი