საზოგადოება

ნატოს ბუქარესტის სამიტის კულუარები რონალდ ასმუსის მიხედვით

8 აპრილი, 2022 • 2421
ნატოს ბუქარესტის სამიტის კულუარები რონალდ ასმუსის მიხედვით

აპრილში 14 წელი გავიდა ნატო-ს ბუქარესტის სამიტიდან, რომელზეც უკრაინამ და საქართველომ ალიანსში გაწევრიანების დაპირება მიიღეს, თუმცა წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) — ვერა. გაფართოების პოლიტიკასთან, ზოგადად, კონკრეტულად კი, საქართველოსა და უკრაინის მიღებაზე ალიანსში კონსენსუსი არ ყოფილა. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, აშშ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, გერმანიამ და საფრანგეთმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას.

სამიტის 14 წლისთავზე, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკის შედეგების სანახავად დაპატიჟა ბუჩაში — ქალაქში, სადაც რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს.

„მთელი ისტორია ნატო-ს ღია კარზე ინსინუაციაა, როცა ჩვენ ვიცით, რომ ნატო-ს წევრი ევროპული ქვეყნების დიდი ნაწილი მხარს უჭერდა უკრაინის მიღებას ჯერ კიდევ მაშინ, ბუქარესტში. ჩვენ შესანიშნავად ვიცით, ვინ არიან ის ლიდერები და მიმაჩნია, რომ ანგელა წამყვან ლიდერებს შორისაა, რომლებზეც დამოკიდებული იყო გადაწყვეტილება, იქნებოდა თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი“, — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყოფილი კანცლერის პრესსპიკერმა თქვა, რომ ანგელა მერკელი დღესაც ერთგული რჩება მის მიერ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებისა.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მასსა და მერკელს შორის ყველაზე დიდი უთანხმოების საგნად საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი დაასახელა.

პოლიტიკოსები, დიპლომატები თუ ანალიტიკოსები 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შედეგებს სულ უფრო ხშირად უბრუნდებიან უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში. ბუქარესტის სამიტის კულუარებთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ნაწყვეტს კლინტონის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე რონალდ ასმუსის 2010 წელს გამოცემული წიგნიდან „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“. წიგნში ცალკე თავი ეთმობა „დიპლომატიურ შეხლა-შემოხლას ბუქარესტში“, რომელსაც ასმუსი 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევდა.

ავტორი წერს, რომ ბუქარესტში MAP-თან დაკავშირებული დავა-კამათი მხოლოდ იმას არ შეეხებოდა, რამდენად პასუხობდნენ საქართველო და უკრაინა ტექნიკურ მოთხოვნებს და რამდენად ჯდებოდნენ ისინი ნატო-ს დოქტრინით გათვალისწინებულ ზოგად სტანდარტებში — დავა მიდიოდა ნატო-ს სამომავლო გაფართოებაზე, ალიანსის ბედსა და რუსეთთან ურთიერთობების გამო, MAP-ი კი უბრალოდ საბაბად იქცა ალიანსის სტრატეგიული მიმართულებების შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო. ნატო-ს შემდგომი გაფართოების უმთავრესი მომხრე შეერთებული შტატები იყო, უმთავრესი მოწინააღმდეგე კი — გერმანია, სკეპტიკოსები: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ბენილუქსის ქვეყნები.

ასმუსის თანახმად, საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების მომხრე-მოწინააღმდეგეთა კამათი სულ უფრო და უფრო მწვავდებოდა დიპლომატიურ დერეფნებში, კონგრესის დარბაზებში, მედიასა თუ ექსპერტთა წრეებში — ატლანტიკის ორივე მხარეს. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ჯორჯ ბუში უფრო გულმხურვალედ ლობირებდა MAP-ის იდეას, ვიდრე მისივე უახლოესი გარემოცვა — კონდოლიზა რაისი [სახელმწიფო მდივანი] და გეიტსი პრეზიდენტის ენთუზიაზმს ბოლომდე არ იზიარებდნენ. უშუალოდ ბუქარესტის სამიტზე კი, ბუშის თვალსაზრისით, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიეღო სულ რამდენიმე ქვეყანას, ვისაც ხმის გადამწყვეტი უფლება ჰქონდა, ანუ მას, მერკელსა და სარკოზის.

ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი. ნატოს სამიტი ბუქარესტში, 2008 წ. ფოტო: EPA

„მართალია, მერკელიც და შტაინმაიერიც [გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი] ეწინააღმდეგებოდნენ MAP-ის მიცემას, მაგრამ სრულიად განსხვავებული მიზეზების გამო — ბუშის ადმინისტრაციაში შტაინმაიერს გერჰარდ შრიოდერის მემკვიდრედ მიიჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ ის მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რუსეთისათვის კოჭის გორებას და არასაკმარისს – ზოგადად, მთელ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდაჭერას. მერკელს კი ბუში ისეთ პიროვნებად განიხილავდა, ვისაც შეეძლო მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევა, თუკი საკითხის სამართლიანობაში დარწმუნდებოდა, ხოლო თუკი მერკელის დაყოლიება მოხერხდებოდა, საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზისაც აღარაფერი ექნებოდა საწინააღმდეგო“, — ვკითხულობთ წიგნში.

მერკელსა და ბუშს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების მიუხედავად, მათ წლების განმავლობაში ვერ მოახერხეს პოზიციების თანხვედრა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხზე. ალიანსის გაფართოებისადმი ზოგადი სკეპტიციზმის გარდა, მერკელი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა დემოკრატიის ხარისხს საქართველოში და არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილთანაც, რომელსაც ბუქარესტის სამიტამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, თეთრი სახლისკენ გზად მიმავალს, დაურეკა და პირადად გაუმეორა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მიცემაზე უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც მანამდე ჯერ გერმანიის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე, შემდეგ კი მოსკოვში ვიზიტისას საჯაროდ გაახმიანა.

„როცა სააკაშვილი ბუშს შეხვდა, მერკელთან ამ საუბრის შინაარსიც გააცნო. ბუშმა გაიღიმა და უთხრა: შენ ლუქსემბურგი დაითანხმე, ანგელას მე მივხედავო“, — წერს ასმუსი.

ბუქარესტში ჩასულმა ბუშმა ჟურნალისტებს უთხრა: „სამიტზე ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის უკრაინისა და საქართველოსათვის MAP-ის მიცემა-არმიცემის საკითხი უაღრესად საორჭოფოა, მაგრამ – არა ჩემთვის. მიმაჩნია, რომ ორივე ეს ქვეყანა მზადაა საამისოდ; იგივე განაცხადეს უკრაინაში და საქართველოს პრეზიდენტსაც იგივე ვუთხარი ჩემთან, ოვალურ კაბინეტში. აზრი ჯერაც არ შემიცვლია, რადგანაც ნატო-ს ერთი უმთავრეს ღირსებათაგანი იმგვარი ქმედებების წახალისებაცაა, რაც მშვიდობის არსებობისათვისაა აუცილებელი!“

ჯორჯ ბუში და ანგელა მერკელი. ნატოს სამიტი ბუქარესტში, 2008 წელი. ფოტო: EPA

რონალდ ასმუსი დეტალურად აღწერს უშუალოდ ბუქარესტში განვითარებულ მოვლენებს:

„ნამდვილი შეჯახება საქართველოსა და უკრაინის გამო ატყდა: ამ შემთხვევაში სასწორზე სემანტიკა კი არა, სტრატეგია იდო. სახელმწიფოთა მეთაურები, ისევე როგორც საგარეო თუ თავდაცვის მინისტრები, სეპარატულ სადილებზე ხვდებოდნენ ერთმანეთს თუნდაც მცირე კომპრომისის მოსაძებნად, მაგრამ – უშედეგოდ. აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა უჭერდა მხარს, ოღონდ ეგაა, მას საკმარისი ძალისხმევა არ გამოუჩენია სკეპტიკოსთა თანამოაზრეებად მოსაქცევად. საკუთარი მომხრეები ჰყავდა გერმანიასაც – იგივე 9-10 სახელმწიფო, რომელნიც ტრადიციულად „მეორჭოფეთა“ რიგს განეკუთვნებოდნენ, მათ შორის, ბელგია, ნიდერლანდები, საბერძნეთი, ლუქსემბურგი, იტალია, ესპანეთი და თურქეთი. იყვნენ ე.წ. „მომლოდინენიც“, ვინც ელოდა, საბოლოოდ საითკენ დაუბერავდა ქარი.

ფაქტობრივად, ნატო შუაზე გაიყო და ალიანსში თანხმობის მიღწევის დადგენილი წესების გათვალისწინებით, მაპ-ის მიცემის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი გარკვეული უპირატესობით სარგებლობდა. ვიდრე ბერლინი არჩეულ გეზზე იდგებოდა, არანაირი მაპ-ის გაცემა მოსალოდნელი არ იყო. სინამდვილეში საკითხი ასე იდგა: თუკი საერთოდ შესაძლებელი იყო თანხმობა, რა საფუძველს უნდა დაჰყრდნობოდა ის? სადილი კი მცირე წარმატებით დასრულდა: ნატო-ს ლიდერებმა გენერალურ მდივანს სთხოვეს, შეთანხმების პირობები მოემზადებინა, რომელსაც ადრე დილით განიხილავდნენ და შემდეგ ერთობლივად იმსჯელებდნენ 9 საათზე დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრაზე. გვიან ღამით, პრეზიდენტმა ბუშმა სათათბიროდ მოიწვია უახლოესი გარემოცვა. მას დათმობებზე წასვლის გაგონებაც არ სურდა. ადრე დილით დანიშნულ შეხვედრაზე ამერიკის მხარე ჰედლისა და რაისს უნდა წარმოედგინათ, თუმცა ბუშმა დაბეჯითებით მოითხოვა მცირერიცხოვან ჯგუფის შემადგენლობაში დისკუსიის შემთხვევაში მასში პოლონელებისა და რუმინელების ჩართვაც. დაახლოებით შვიდის ნახევარზე კომპრომისზე მოსალაპარაკებლად ნატო-ს წევრ წამყვან სახელმწიფოთა მრჩევლები შეიკრიბნენ, მათ შორის, ამერიკელები, გერმანელები, ფრანგები, ბრიტანელები, ასევე, პოლონელები და რუმინელები.

დე ჰოოპ სხეფერის [ნატოს იმდროინდელი გენერალური მდივანი] მიერ წარმოდგენილ შეთანხმების ვარიანტს გერმანიამ დაუყოვნებლივ დაადო ვეტო, რადგანაც ამერიკულ პოზიციასთან უკიდურესად მიახლოებულად მიიჩნია, კომპრომისის მეორე ვარიანტი ახლა უკვე ვაშინგტონმა უარყო. დავა აშკარად ორი მხარის — გერმანიისა და აშშ-ის პოზიციების თაობაზე მიმდინარეობდა, მასში გარკვეული წვლილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის შეჰქონდა. საბოლოოდ, შემოთავაზებული იქნა ახალი კომპრომისი, რომლის არსი უკრაინისა და საქართველოს მისწრაფებებისადმი მოკავშირეთა ურყევ მხარდაჭერას გულისხმობდა, ნატო-ს მხრიდან კი — „ინტენსიური თანამშრომლობის პერიოდის“ დაწყებას, რაც მაპ-ის მოსურნე ამ ქვეყნებისათვის პროგრამაში საბოლოო ჩართვის გზაზე გადადგმული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო. ამ მიმართულებით მათი პროგრესის შეფასება წლის ბოლოს დანიშნულ მომავალ მინისტერიალზე უნდა მომხდარიყო.

ტექსტი ყველა დელეგაციას დაურიგდა საბჭოს 9 სთ-ზე დანიშნულ ოფიციალურ შეხვედრამდე. ვაშინგტონმა საქართველოს ლობისტებს ურჩია – მოდით, ამას დავთანხმდეთ, რადგან მეტის მიღება არ გამოვაო, მაგრამ საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მიცემის მომხრეთა ასე იოლად დაყოლიება არ გამოვიდა: როცა დე ჰოოპ სხეფერისეულ შეთავაზებებს ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი გაეცნო, უაღრესად იმედგაცრუებული დარჩა. იგი ამერიკის დელეგაციასთან მივიდა და პირადად მოინდომა პრეზიდენტ ბუშის აზრის მოსმენა. ბუშმა უთხრა – ეს ყველაზე მეტია, რისი გაკეთებაც მოვახერხეთო. აშკარად ჩანდა, რომ ბუში ვითარების შემდგომ გამწვავებას აღარ აპირებდა და ადამკუსიც გაბრაზებული დაუბრუნდა თავის სკამს. მოკლედ, ამერიკის შეერთებული შტატები იქნებ აპირებდა კიდეც ბრძოლაზე ხელის აღებას, მაგრამ არა ლიტვის პრეზიდენტი. მას უკეთესი ლექსიკისთვის ბრძოლა ჰქონდა გადაეწყვიტილი. დოკუმენტს ლენ კაჩინსკიც გაეცნო და იმწუთასვე დაიწუნა. ორივეს აზრით, მასში საკმაოდ სუსტად იყო გამოკვეთილი მოკავშირეთა მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ხოლო ეს „ინტენსიური თანამშრომლობის პერიოდი“ კიდევ ერთ, ზედმეტ საფეხურად მოჩანდა მიზნისაკენ მიმავალ კიბეზე. უკრაინასა და საქართველოს საქმე კი არ უიოლდებოდა, არამედ ახლა რაღაც დამატებითი წინაპირობებიც წაეყენებოდა.

რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუც ჩასცქეროდა შემოთავაზებულ ტექსტს: იგი არა მარტო მაპ-ის მინიჭების მხურვალე მხარდამჭერი იყო, არამედ ამ სამიტის ოფიციალური მასპინძელიც, და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობდა შავი ზღვის აუზში საკუთარი მეზობლების მიმართ. მისი აზრით კი, ეს „კომპრომისი“ არათუ მხოლოდ უარი გახლდათ მაპ-ის მიცემაზე, არამედ თავად ეს დოკუმენტი სამომავლო პერსპექტივას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა. ბესესკუ რუმინეთის დელეგაციის წევრებს მიუბრუნდა და უთხრა: „არ მომწონს! ეს ახლოსაც არაა იმასთან, რასაც ველოდით!“ მერე კი ნატო-ში რუმინეთის ელჩ სორინ დუკარუს ჰკითხა: რაიმე უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებთო? ბოლოს ბესესკუ წამოდგა და მიუახლოვდა კაჩინსკის, რომელიც თავის კანცელარიის ხელმძღვანელ ანა ფოტიგასა და საგარეო საქმეთა მინისტრ სიკორსკისთან ერთად, ასევე, გულდასმით ეცნობოდა დოკუმენტს. ბესესკუმ უთხრა — ამ სახით ეს პროექტი ჩემთვის მიუღებელია და ვეცდები, იქნებ რამე ვიღონოო, კაჩინსკიმ კვერი დაუკრა და თანადგომასაც დაჰპირდა. მათ ვალდას ადამკუსიც შეუერთდა და საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულებაც დაადასტურა. სამივე ლიდერი უკეთესი ფორმულირების აუცილებლობაზე შეთანხმდა, მერე კი თავ-თავიანთ მრჩევლებს დაავალეს, სასურველი ცვლილებები წარმოედგინათ. ამასობაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კიდევ რამდენიმე ლიდერმაც ხმამაღლა გამოხატა მათი მხარდაჭერა.

როცა დე ჰოოპ სხეფერმა სხდომის მონაწილეებს კვლავ მაგიდასთან უხმო, ნათელი გახდა, რომ კომპრომისამდე ჯერ კიდევ შორს იყო. მაშინ გენერალურმა მდივანმა დელეგაციებს სთხოვა, დარბაზი დაეტოვებინათ და დავა-კამათი უფრო მცირე ფორმატით, მხოლოდ სახელმწიფოთა მეთაურებისა და მათი თითო მრჩევლის შემადგენლობით გაეგრძელებინათ. როცა დამსწრეები დარბაზიდან გადიოდნენ, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ზემოხსენებული სამი სახელმწიფოს მეთაური კვლავ ერთად შეიკრიბა და გამოსავლის ძიებაზე გააგრძელეს საუბარი. მათ კანცლერი მერკელი მიუახლოვდა და ჰკითხა, გამოსავალს რაში ხედავდნენ. სამივემ, პირველ რიგში, ტექსტში იმის მკაფიოდ დადასტურება შესთავაზა, რომ საქართველო და უკრაინა მაპ-ს უკვე იმავე წლის დეკემბერში მიიღებდნენ – ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გეგმურ შეხვედრაზე. მათი აზრით, ტექსტი ენობრივადაც სწორედ ამ კუთხით უნდა გაჩარხულიყო. მერკელმა ეს მოსაზრება ხელის ერთი აქნევით უარყო.

„არ შეიძლება რუსებისთვის ვეტოს უფლების მიცემა“, – თქვა კაჩინსკიმ, – „ეს უსამართლობა იქნება საქართველოს და უკრაინის მიმართ. ნატო ასე არ მუშაობს“. „საქმე არც რუსეთია და არც მისი ვეტო, – შეეპასუხა მერკელი —„მთავარია, მზად არიან ეს ქვეყნები მაპ-ისთვის თუ არა; და კიდევ, — რამდენად შესაფერისი დროა ახლა მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელად.“ საუბარში ბესესკუც ჩაერთო, მერკელს შეხედა და ჰკითხა: „იმაზე თუ ვთანხმდებით, რომ ეს ქვეყნები ნატო-ს წევრობას იმსახურებენ და ვეტოს უფლებაც არავის უნდა ჰქონდეს?“ მერკელმა თქვა, ეგ საკამათო არაა და ყველა ერთ აზრზე ვდგავართო. ბესესკუს ადამკუსმაც აუბა მხარი: „ანუ ვთანხმდებით, რომ ისინი ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ?“ „მაგაზე ვთანხმდებით,“ — მიუგო მერკელმა – „უბრალოდ ვადებთან დაკავშირებით გვაქვს სხვადასხვა აზრი“. მერე, ასეც ჩავწეროთ! — ლამის მაშინვე ერთხმად წამოიძახა სამივე პრეზიდენტმა.

ადრე ნატო-ში არასოდეს ასე პირდაპირ არ გაცხადებულა ამა თუ იმ ქვეყნის უთუო გაწევრიანების თაობაზე, არცერთი მათგანი არასოდეს წარმდგარა მსგავსი შეპირებით. მათი დასავლეთევროპელი პარტნიორებიც არასოდეს გამოხატავდნენ ასეთ მიდგომას. ამას ალბათ მერკელის საგარეო საქმეთა მინისტრიც ვერ წარმოიდგენდა, რომელიც ბედად იმ წუთს დარბაზში არ იმყოფებოდა. მოკლედ, თუ მერკელი დასთანხმდებოდა, შესაძლოა, ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯიც გამხდარიყო ყველასთვის. ბოლოს მერკელმა კალამი ამოიღო და ფურცელზე ასეთი სიტყვები დაწერა: „დღეს ჩვენ თანხმობას ვაცხადებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან“. ბესესკუმ ფურცელს დახედა და თქვა: „ქალბატონო კანცლერო, სამყაროს იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთ მშვენიერ დღეს არაფერს ნიშნავს და არც არავის არაფერს ავალდებულებს – ეს იგივეა, რაც არასოდეს…“ „მეც მაგ აზრის ვარ!“ — თქვა კაჩინსკიმაც. მაშინ მერკელი დათანხმდა, წაეშალა სიტყვები ერთ მშვენიერ დღეს – ოღონდ დაბეჯითებით მოითხოვა ფრაზა ასე დაბოლოებულიყო: „..მათი სურვილის შემთხვევაში“.

შემდეგ კაჩინსკი, ადამკუსი და ცენტრალური თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სხვა ლიდერებიც ისევ დაუბრუნდნენ ფორმულირების თემას და წინადადება წამოაყენეს, რომ პირველი შეფასება საბოლოო ყოფილიყო. აი, ამაზე კი მერკელმა მტკიცე უარი განაცხადა. სანამ ტექსტის ახალ რედაქციაზე მიდიოდა მუშაობა, ყველა დელეგაცია დარბაზში დაბრუნდა და დე ჰოოპ სხეფერმაც სხდომა განაახლა. სწორედ ამ დროს პოლონეთის დელეგაციაში პატარა ჩოჩქოლი ატყდა. ვიღაცას აზრად მოუვიდა, რომ ფრაზა „მათი სურვილის შემთხვევაში“ შეიძლებოდა უკრაინის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული, სადაც ნატო-ს იდეა დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერით არ სარგებლობდა. კაჩინსკიმ სიტყვა ითხოვა და განაცხადა – პოლონეთი ამ ფრაზას არ დაეთანხმება, და საერთოდ, ალიანსი კიევისთვის საქმის გაიოლებას უნდა ცდილობდეს და არა გართულებასო. საბოლოოდ, ეს ფრაზა მართლაც ამოიღეს იმ თავისთავად ნაგულისხმევი მოსაზრების გამო, რომ თუკი ქვეყანას სურვილი არ გააჩნდა, ძალით ნატო-ში ისედაც ვერავინ შეათრევდა.

ასეა თუ ისე, ნატო-ს წევრებმა ცენტრალური ევროპიდან მაინც უფრო მეტს მიაღწიეს მერკელთან მუშაობისას, ვიდრე აშშ-მა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ ბუშისკენ გადაიხარა და მანაც ხუმრობანარევი ტონით უთხრა: არ ვიცი, რას მივაღწიეთ – MAP-ის ამბავი ნამდვილად არ გამოვიდა – მაგრამ მგონი, ეს-ესაა ნატო-ში ორი ახალი წევრის მიღება გამოცხადდაო.

ახლა საქმე ის გახლდათ, რა რეაქცია ექნებოდა რუსეთს და შეასრულებდა თუ არა პუტინი ბუშისთვის მიცემულ პირობას, რომ სამიტზე პრობლემებს არ შეუქმნიდა. შეთანხმების საბოლოო ტექსტით ხელში დარბაზიდან გამოსულმა გენერალური მდივნის თანაშემწემ მარტინ ერდმანმა იმწამსვე მიაშურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრ გრუშკოს, რომელიც ნერვიულად სცემდა ბოლთას დერეფანში: „რა ხდება, მისცეს მაპი?“ — შორიდანვე იკითხა გრუშკომ. მაპი არ მიუციათო – მიუგო ერდმანმა, მაგრამ იქვე გააფრთხილა – ტექსტში ისეთი ცვლილებები შევიდა, რაც თქვენი გადასახედიდან, შეიძლება უარესიც გეჩვენოთო“.

რონალდ ასმუსის თანახმად, ბუქარესტის სამიტის დასრულებისას ჩანდა, თითქოს დასავლეთმა „მშვიდობიანად გადაიარა დანაღმული ველი“, მხოლოდ მოგვიანებით, როცა „მტვერი ნელ-ნელა დაჯდა“, სერიოზული ეჭვები გაჩნდა ბუქარესტში მიღწეულ ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რადგან ვერც ნატო-ს საბოლოო განზრახვებში საქართველოს და უკრაინის დარწმუნება მოახერხა და ვერც რუსეთის გაღიზიანება აიცილა თავიდან, პირიქით — მოსკოვმა დაინახა, რამდენად ძლიერი იყო ალიანსში აზრთა სხვადასხვაობა და გადაწყვიტა, შიდა დაპირისპირებების დაძლევამდე არსებული ფანჯარა დაუყოვნებლივ გამოეყენებინა საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების თავიდან ასარიდებლად.

რონალდ ასმუსი საეჭვოდ მიიჩნევდა, რომ ბუქარესტში მიღებული მაპი აარიდებდა საქართველოს რუსეთის თავდასხმას და ამბობდა, რომ ალიანსისთვის პრობლემა თანხმობა და ერთიანობა გახლდათ.

„გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ალიანსის უფრო კატეგორიული განცხადებაც კი მოსკოვს განზრახვაზე ხელს ვერ ააღებინებდა, ერთადერთი, რაც მოსკოვს გააჩერებდა, თუკი ნატო ერთხმად და დაბეჯითებით დაადასტურებდა – გაფართოება გარდაუვალი პროცესია და მისი შეჩერების მცდელობას ქმედითი საპასუხო ზომები მოჰყვებოდა. ვფიქრობ, ბუქარესტში მაპ-ის მიცემაც კი ამგვარი განაცხადის ფუნქციას ვერ შეასრულებდა. პრობლემას ნატო-ში არსებული უთანხმოება წარმოადგენდა. ალიანსმა ვერ შეძლო აეღო საქართველოსათვის ისეთი ვალდებულება, რომელიც რუსეთის შემდგომ ნაბიჯებს შეაკავებდა“, — წერს იგი.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რუსეთმა დასავლეთს უსაფრთხოების ახალ გარანტიებზე შეთანხმება შესთავაზა, რაც ითვალისწინებდა ნატო-ს აღმოსავლეთით არგაფართოების პირობას და მისი ძალების 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნებას. მოსკოვმა მოითხოვა, ალიანსს უკან წაეღო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი