ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ 2 სპეცრაზმელს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა.
გადაწყვეტილება 12 ნოემბერს გამოიტანა მოსამართლე თამარ მახარობლიძემ.
დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილსა და ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავსხმაში ბრალდებული სპეცრაზმელების საქმე ერთად განიხილებოდა. პროცესი თავიდანვე დახურული და მისი მიმდინარეობა ფაქტობრივად გასაიდუმლოებული იყო. სპეცრაზმელების ვინაობაც არ სახელდებოდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს პორტალზე მიმდინარე საქმეების განრიგში, რომელშიც მხარეებიც არის მითითებული, ბრალდებულების და აწ უკვე მსჯავრდებულების გვარ-სახელები ღიად ეწერა.
რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეში ბრალდებული პირის განაჩენი, რაც თავად ჟურნალისტმა გაასაჯაროვა. გურამ როგავას თქმით, სატელეფონო ზარით შეატყობინა ეს ამბავი საქმის ახალმა პროკურორმა ისე, რომ დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტი სასამართლოს არ გამოუკითხავს და არც პროკურორს ჰქონია მასთან კომუნიკაცია. როგავაზე თავდასხმის საქმეში მსჯავრდებული სპეცრაზმელი გურამ (გოგა) კირკიტაძეა.
პროკურატურა ძალოვნებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებოდა. თუმცა ჟურნალისტი თვლის, რომ მასზე რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია, სხვა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობის გამო რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს და დაკავებულსაც მაქსიმუმ ერთ წელიწადში გამოუშვებენ ციხიდან.
სასამართლოს პორტალზე, ამ კონკრეტული დასკვნითი სხდომის შესახებ მონაცემებში, მხარეთა ჩამონათვალში, პროკურორისა და გურამ კირკიტაძის გვარ-სახელებთან ერთად, კიდევ 2 გვარ-სახელია მითითებული — გიორგი ბოლოთაშვილი და ტარიელ ბუქულაშვილი. შესაძლოა, სწორედ ისინი არიან სპეცრაზმელები, რომელთაც ზვიად მაისაშვილზე თავდასხმაში დასდეს ბრალი და გამოუტანეს განაჩენი.
გიორგი ბოლოთაშვილი, როგორც სპეცრაზმელი, ღია წყაროებში აქამდეც დასახელებულა. ღია წყაროებში იძებნება ერთი ტარიელ ბუქულაშვილი, რომელიც 2000-2001 წლებში დაბადებული გორელი ძიუდოისტია და 2016 წელს ბულგარეთში, სოფიაში, საერთაშორისო ტურნირში პირველი ადგილი აქვს მოპოვებული.
გურამ როგავას 2024 წლის 29 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე პირდაპირ ეთერში დაესხა თავს სპეცრაზმელი. მას სახის ძვლები გაუტყდა და დაუზიანდა კისრის მალები.
2024 წლის 30 ნოემბერს ისევ რუსთაველის გამზირზე დაესხნენ თავს ზვიად მაისაშვილს. ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გაავრცელა თეონა ჭალიძემ, რომელიც მომხდარს აივანზე მდგომი შეესწრო და ასახა.
პროკურატურამ 2026 წლის 7 მაისს განაცხადა, რომ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, გურამ როგავასა და ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იდენტიფიცირებული და დაკავებული იყო სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთი მოქმედი თანამშრომელი.
ლევან ხაბეიშვილს 2024 წლის 30 აპრილს დაესხნენ თავს. მასზე თავდასხმის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
